ეკონომიკა
19/03/2021

საქართველო და სტრატეგიული პარტნიორი: განაცხადი ურთიერთობებში ახალი პრინციპების მონიშვნაზე?

შეხსენება იმისა, რაც, თითქოსდა, უკვე ვიცით

ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ფიცის დადების შემდეგ გასული დრო გარკვეული მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობას იძლევა. ცხადია, ეს მოსაზრებები კატეგორიული ვერ იქნება. შეფასებებისას ასეთი სიფრთხილის მიზეზები შეიძლება, ორად დავაჯგუფოთ: პირველი - დასკვნების გასაკეთებლად რამდენიმეთვიანი პერიოდი საკმარისი საფუძველი არ არის;  და მეორე - ისეთი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსში რადიკალური ცვლილებების შეტანა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, გაცილებით მეტ დროს და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს (რომ არაფერი ვთქვათ ობიექტურ თუ სუბიექტურ წინააღმდეგობებზე, რაც შესამჩნევ ცვლილებებს აფერხებს ან, სულაც, შეუძლებელს ხდის).

თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მიერ საგარეო პოლიტიკური ვექტორის თვისებრივი გადაწყობის ალბათობაზე წინა პუბლიკაციებში ვრცლად ვისაუბრეთ. ამდენად, დაინტერესების შემთხვევაში, მკითხველს შეუძლია, არაერთ კითხვაზე ჩვენს მოსაზრებას იმ სტატიებში გაეცნოს.

მიუხედავად ზემოთქმულისა, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნის ახლად არჩეულ მმართველ ძალას, ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, მისთვის დამახასიათებელი ხელწერა ახასიათებს. სწორედ დროის ამ მონაკვეთში ხდება ძველი შიდა და გარე პოლიტიკური აქცენტების რევიზია, ახლების დასახელება და ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების დაგეგმვა. დაგეგმვა, უმეტესწილად, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლის ახალი კადრებით დაკომპლექტებაში გამოიხატება, რაც სამომავლო ქმედებებზე გარკვეულ წარმოდგენასაც ქმნის. ამასთან ერთად - განსაკუთრებით, ეს ეხება აშშ-ის მასშტაბის ქვეყნას - შერჩევითად კეთდება რამდენიმე განცხადება, წარმოითქმის საგანგებოდ მომზადებული სიტყვა და ქვეყნდება ე.წ. „პოლიტიკის დოკუმენტი“, რაც დამატებით ინფორმაციას იძლევა აქტუალური საკითხების მიმართ ახალი ხელისუფლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

დღევანდელ მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, რომელთა საგარეო პოლიტიკური დოკუმენტებისა თუ სხვა მასალის შესწავლა ჩვენთვის მუდმივ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, სამწუხაროა, რომ ამ თვალსაზრისით მათ თანაბარი ყურადღება არ ეთმობა, ზოგი კი სათანადო ყურადღების მიღმაც შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, ესოდენ აქტუალურ რუსულ საკითხებზე იშვიათად თუ წავაწყდებით კვალიფიციურ შეფასებას. თუმცა, ალბათ, ესეც რა მოსატანია, თუ გავიხსენებთ სტიგმას, რომელიც რუსეთის თემით დაინტერესებასა და ერთ დროს ამ ინტერესით გამოწვეულ საფრთხეებს უკავშირდებოდა. ასევე, დანაკლისის განცდას ქმნის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების კვლევის სიღრმე, და ეს მაშინ, როდესაც აღნიშნული რეგიონი საქართველოს უშუალო სამეზობლოა, თანაც, იმაზე მეტი გეოპოლიტიკური გავლენით, ვიდრე ეს არაერთ ქართველს წარმოუდგენია.

შესაძლებელია ამ ჩამონათვალის უფრო განვრცობაც, თუმცა, ჩვენთვის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ სივრცეს ერთი ხარვეზი აკავშირებს - საქართველოს ოფიციალური და, ზოგან, სამოქალაქო ანალიტიკური წრეების მხრიდან სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის მიმართ არასრულფასოვანი დამოკიდებულება. ამ მხრივ, ალბათ, საზოგადოებრივი სექტორი შედარებით პროაქტიურია, თუმცა ეს შედარებითი უპირატესობაც მაშინვე ბათილდება, როგორც კი თავს იჩენს ოფიციალური არხების „თვითიზოლაცია“ და მათ მიღმა გენერირებული აზრისა თუ შეფასების მიუღებლობა. საბოლოო ჯამში, მუხრუჭდება გააზრების პროცესი, ეცემა ანალიტიკის ხარისხი, ზიანდება გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი და, შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი. ზოგადად, ეს პრობლემა გაცილებით ვრცელ განხილვას საჭიროებს, განსაკუთრებით კი - მეტად კონკრეტული სახელმწიფო ინსტიტუტების მაგალითზე, თუმცა, სიტყვა რომ არ გაგვექცეს, ამ სტატიის მთავარ სათქმელს მივუბრუნდებით.

რას უნდა ველოდოთ

ზემოთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოზიციონირებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ქვეყნებზე დაკვირვების აუცილებლობა ვახსენეთ; აღვნიშნეთ ამ დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაციის დროულად, სწორი გადამუშავებისა და გადაწყვეტილებათა „ღუმელში“ გაფილტრული შეფასებების აუცილებლობა. ინტელექტისა და პოლიტიკის ამ ერთიანი ტექნოლოგიის ყველა საფეხურის ურთიერთშეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდედაც ნებისმიერ შეცდომას თუ არასწორ ინტერპრეტაციას შენი სამშობლოსთვის მძიმე ან, სულაც, გამოუსწორებელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ამიტომაც, სრულიად კანონზომიერია, როდესაც აშშ-ის შიდა პოლიტიკური დინება თუ გლობალურ ასპარეზზე მისი წიაღსვლები საქართველოში ოფიციალური და საზოგადოებრივი წრეების განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, აშშ-ს ქართული სახელმწიფოს განვითარებასა და მოღონიერებაში განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა და დღესაც ასეა. მეტიც, - ჩვენ მიერ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად და მოკავშირედ აღიარებული ამერიკის შეერთებული შტატების როლი ასეთად დარჩება განჭვრეტად მომავალშიც. ცხადია, რომ ურთიერთობათა შინაარსი, შესაძლოა, მსოფლიო და რეგიონალური კონტექსტის ზეგავლენით შეიცვალოს. მაგრამ, ასევე, პრაქტიკულად, ეჭვგარეშეა ისიც, რომ მომდევნო რამდენიმე ათწლეულის პირისპირ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ახალი ელემენტებით უნდა შეივსოს; შეივსოს იმ პირობით, თუ მხარეებს ექნებათ რეალური ნება და რესურსი, პარტნიორობა განავითარონ როგორც უკვე შეცვლილ რეალობებთან, ისე ცვალებად გარემოებებთან მათი ადეკვატური მისადაგების უნარის შენარჩუნებით.

განვლილმა ბოლო წლებმა სრულიად შეცვალა საგარეო პოლიტიკური, გეოეკონომიკური და უსაფრთხოების დინამიკა. ამავე დროს, ნიშანდობლივია, რომ საკუთრივ ეს პერიოდიც კი ცალკეული სტადიების გამორჩევის საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ასეთი უდავოდ გამორჩეული სტადია დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადააა, რომლის დროსაც მთელი რიგი გლობალური გამოწვევებისა სრულიად განსხვავებულად შეფასდა, - ზოგ შემთხვევაში სამართლიანად, ზოგან კი - საკამათოდ. თუმცა, ფაქტია, რომ არაერთი პოლიტიკურად და ინტელექტუალურად გადაუწყვეტელი  საკითხი „შეჯანჯღარდა“, დაიწყო მათი  გადაფასება, რამდენიმე პრობლემაზე კი განსხვავებული გადაწყვეტის გზა დაისახა.

ტრამპის პრეზიდენტობა დასრულდა (თუმცა, არ დასრულებულა ტრამპიზმი), ხოლო თეთრი სახლის ახალმა ბინადარმა, ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის რამდენიმე ისეთი ასპექტი გამოკვეთა, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხვალინდელ დღესთან და უშუალოდ განაპირობებს რეგიონალურ სურათს.

არჩევნების დროს მონიშნული სიახლეები გაცილებით უფრო გამოიკვეთა ჯერ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში სტუმრობისას, ხოლო შემდეგ - ამასწინდელ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ამ ორმა მოვლენამ ლოგიკურად მიიპყრო ქართული აუდიტორიის ყურადღება ორ მეტად კონკრეტულ შეკითხვაზე უფრო ზუსტი პასუხის მისაღებად: პირველი - როგორი იქნებოდა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის დამოკიდებულება შავი ზღვის რეგიონსა და, სავარაუდოდ, საქართველოსთან მიმართებით? და მეორე - როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ, რათა კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ამერიკელთა ინტერესი ქართული დღის წესრიგის მიმართ?

ამ საკითხებში მეტი სიცხადის შეტანა კიდევ უფრო აქტუალური გახდა მაშინ, როდესაც ტრამპის მიდგომას ბაიდენის განსხვავებული მიდგომა ჩაენაცვლა, ხოლო ქართულ-ამერიკული პარტნიორობის წარსულიდან მიღებულ მონაგარს ახალი გზამკვლევის მონიშვნა დასჭირდა. ამგვარი სიახლე თანაბრად განაპირობა რამდენიმე საკვანძო ელემენტის თანხვედრამ, კერძოდ, აშშ-ში მიმდინარე დრამატულმა საზოგადოებრივ-სოციალურმა პროცესმა, დასავლური უსაფრთხოების მოდელის გადაწყობის აუცილებლობამ და შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონში დასავლური ინტერესის შეზღუდვის ხარჯზე რამდენიმე რეგიონალური ლიდერი სახელმწიფოს მზარდმა აქტიურობამ. მივიღეთ იმგვარი რეგიონალური ვითარება, რომელიც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს თუ დავესესხებით, პრაქტიკულად, „გეოპოლიტიკურ მიწისძვრას“ უდრის. სწორია თუ არა ეს შედარება, ფაქტია, რომ ბოლო წლების რეგიონალური დინამიკა საქართველოსა და მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის სასიკეთოდ არ შეცვლილა. ეს, უკვე შექმნილი სტატუს-კვოს დასაძლევად - ისევე, როგორც მიწისძვრისათვის დამახასიათებელი მომავალი (გარდუვალი?) „აფტერშოკების“ გასამკლავებლად - ერთობლივ, გადამჭრელ და დროულ ძალისხმევას მოითხოვს.

ამ გადმოსახედიდან (და ქართველებისთვის ასე აქტუალური ისტორიული გზაგასაყარის გათვალისწინებით) აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მოკავშირის საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები; რა არის ის კონცეპტუალური და სტრატეგიული წანამძღვრები, რასაც, მეტ-ნაკლებად, დაეყრდნობა თეთრი სახლის ადმინისტრაცია და მისი საგარეო უწყება. აუცილებელია, გვქონდეს პასუხი ჩვენ მიერ უკვე დასმულ შეკითხვაზე - თუ რის მოლოდინში უნდა ვიყოთ დასავლეთისგან ამ ურთულეს რეგიონში და რაში შეიძლება, გამოიხატოს ამ მოლოდინის კონკრეტული შედეგი. სავსებით გასაგებია, რომ ეს და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხები არ არის მხოლოდ ინტელექტუალური სავარჯიშოს სფერო; მათზე პასუხები და პასუხებიდან გამომდინარე რეაგირება, არც მეტი, არც - ნაკლები, უშუალოდ საქართველოს როგორც საერთაშორისო-სამართლებრივი სუბიექტის გამართულობას, ფუნქციონალურობასა და ქართული სახელმწიფოებრიობის სამომავლო პერსპექტივას უკავშირდება.

წამოჭრილ საკითხებში გარკვეულწილად გათვითცნობიერებისთვის ორ დოკუმენტს მოვიშველიებთ: ერთი გახლავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის - ენტონი ბლინკენის მიმდინარე წლის 3 მარტის სიტყვა - „საგარეო პოლიტიკა ამერიკელი ხალხისათვის“, ხოლო მეორე - იმავე თარიღით გამოქვეყნებული, თეთრი სახლის მიერ მომზადებული „ეროვნული უსაფრთხოების შუალედური სტრატეგიული მეგზური“. მათი უკეთ შეჯამების მიზნით, ორივე დოკუმენტის შინაარსობრივად გაერთიანება გადავწყვიტეთ. ასე უკეთ შევძლებთ კონკრეტული ასპექტების კომენტირებას. ეს მიდგომა, აღსაქმელად, მკითხველისთვისაც უფრო მისაღებია. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის ამ გზით შეფასება „ქართული ბოლოდან“ სურათის უკეთ დანახვისა და რაციონალური ანალიზის საშუალებას მოგვცემს. ეს მიდგომა, სულ მცირე, შემდგომი, უფრო ვრცელი ანალიზისა და თეორიული თეზისების პრაქტიკაში განხორციელების საწყისი მცდელობა იქნება. რაც მთავარია, ასეთი დაკვირვება თუ ანალიზი საქართველოში არსებული შესაბამისი სამსახურებისა და კვლევითი წრეების მუდმივ ამოცანად უნდა იქცეს. მანვე უნდა შექმნას საიმედო ხიდი ანალიტიკური შეფასებებისა და დასკვნების კვალიფიციურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში გადასატანად.    

„დიდი სტრატეგიით“ თუ მის გარეშე?

შეკითხვას ამ ფორმით შემთხვევით არ ვაყალიბებთ. აქამდეც შევნიშნეთ, რომ სწორხაზოვანი და მკაცრად რეგლამენტირებული „სტრატეგირების“ ხანა წარსულს ჩაბარდა და მას უფრო მოქნილი, დინამიკური, ე.წ. „აღმოცენებადი სტრატეგია“ ენაცვლება. ამის მიზეზი ზედაპირზეა: სწრაფად ცვალებადი მსოფლიო, სადაც ცვლილებათა სიღრმე, ტემპი და შინაარსი ზუსტ პროგნოზირებას, ხშირ შემთხვევაში, არ ექვემდებარება. შესაბამისად, რეალური დანიშნულება დაკარგა ხისტმა, ე.წ. „დიდმა სტრატეგიებმა“, რომელთა პრაქტიკული ღირებულება უფრო ცივი ომის დროინდელ, მსხვილ ბლოკებში გადანაწილებულ ბანაკებს შორის სტატიკურ დაპირისპირებას შეეფერებოდა. თანამედროვე სამყაროში, იმ ფონზე, როდესაც ლიდერი სახელმწიფოების მხრიდან აუცილებელია სწრაფად ცვალებად გარემოებებზე იდეოლოგიის გარეშე მისადაგება, „დიდი სტრატეგიის“ პოლიტიკის დოკუმენტზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიჯაჭვულობა მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული შეიძლება იყოს. ასე მოვლენებზე ოპერატიული რეაგირების სივრცე იზღუდება, ეცემა საჭირო გადაწყვეტილებათა მიღებისა და რეალიზების ხარისხი, მოუქნელი ხდება ეროვნული პოლიტიკის მართვა.

თეთრი სახლის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ამ ეტაპისათვის „შუალედური“ ეწოდა. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან საბოლოო დოკუმენტი ჯერ კიდევ მზადების პროცესშია. თუმცა, დიდი ალბათობით, საბოლოო სტრატეგიული დოკუმენტი მოქნილობის იმავე, მაღალ ხარისხს (შესაძლოა, ზოგიერთი მას „ამორფულობასაც“ კი დაუწუნებს) შეინარჩუნებს. პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს შეიძლება ადასტურებდეს იმას, რომ თანამედროვე საგარეო პოლიტიკა, „ღირებულებებთან“ მეტად დაშორების ხარჯზე, კიდევ უფრო გამოკვეთს პრაგმატულ ინტერესებს. გარდა ამისა, ამა თუ იმ ქვეყნის გეოპოლიტიკურ ხაზში მორალური პრინციპებიდან გადახვევა ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების დაცვის „ტექნიკური მოსაზრებებით“ იქნება ახსნილი. ასეთი მსჯელობის ფონზე, უნებლიეთ, ლორდ პალმერსტონის ნათქვამი გვახსენდება: „გაერთიანებულ სამეფოს არც მუდმივი მოკავშირეები ჰყავს და არც - მუდმივი მტრები. მარადიული და მუდმივი მხოლოდ ჩვენი ინტერესებია. ჩვენი მოვალეობაა, ამ ინტერესებს თანამიმდევრულად მივყვეთ“.

შესაბამისად, საგარეო ასპარეზზე თამაშის წესებში ესოდენ დაუფარავი ცვლილება თბილისისათვის მხოლოდ ერთს უნდა ნიშნავდეს: ცვლილებების მიმართ მუდმივ ფსიქოლოგიურ მზაობას და მათზე სათანადო რეაგირებისათვის პოლიტიკური თუ სხვა რესურსის მაქსიმალურად თავმოყრას. ასეთი მოცემულობის მქონე მსოფლიო პოლიტიკას კი არ სჭირდება გადაჭარბებული მორალის გადმოსახედიდან განსჯა. ეს, უბრალოდ, ის მოცემულობაა, რომელსაც საკუთარი ეროვნული ინტერესების პრიზმაში უნდა გაუსწორო თვალი და, როგორც შეგიძლია, რამდენადაც შეგიძლია, - ამ ინტერესების გეგმაზომიერ და რაციონალურ, და არა „დოქტრინალურ,“ გატარებას მიუძღვნა დრო და ენერგია. თანამედროვე გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ასეთ რეალობას გვთავაზობს და ჩვენც და ჩვენმა პარტნიორებმაც მას თვალი უნდა გავუსწოროთ.

როდესაც საგარეოს საშინაო განსაზღვრავს

საგარეო პოლიტიკის საშინაოსთან დეკლარაციის დონეზე არსებულმა კავშირმა ჯერ კიდევ ობამას დროს იჩინა თავი, - როდესაც მაშინდელმა ადმინისტრაციამ „პერიფერიული ინტერესების“ მქონე ქვეყნების „ჩახსნაზე“ მიანიშნა. თუმცა, ამ ხაზის ოფიციალური პოლიტიკის რანგში გადაყვანის სერიოზული მცდელობა ტრამპის პერიოდში მოხდა. მაშინ ეს მცდელობა ბოლომდე წარმატებული მაინც ვერ გამოდგა იმ მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულების გამო, რითაც მიწოდება-მომარაგების გლობალური ჯაჭვის სისტემა ხასიათდება. ტრამპის პოლიტიკის უკმაყოფილო ბაიდენის გუნდს, თითქოსდა, ობამა-ტრამპის ამ „მემკვიდრეობაზე“ წერტილი უნდა დაესვა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერ კიდევ წინაასაარჩევნო კამპანიის დროს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, ისე მისი გუნდი, გამოკვეთილად ლაპარაკობდა შიდა პოლიტიკური ცხოვრების შედეგებით საგარეო პოლიტიკის შედეგიანობის განსაზღვრაზე; მეტიც - დემოკრატი კანდიდატის მოწოდება, რომ საზღვრებს გარეთ აშშ-ის ძალისხმევა, უმთავრესად, ამერიკული საშუალო კლასისა და ამერიკული ოჯახის კეთილდღეობის სამსახურში მოექცეს, აგერ, უკვე ამ სტატიაში განხილული კონცეპტუალური დოკუმენტების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა.

საშინაო და საგარეო პოლიტიკას შორის ასეთი ურთიერთკავშირი სავსებით სწორი და დასაბუთებულია. გარდა ამისა, ვფიქრობთ, არის კიდევ ერთი გარემოება, რამაც აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას ამ ურთიერთკავშირის დემონსტრირებისკენ უბიძგა, - ესაა  ამერიკელი ამომრჩევლის სკეპტიციზმი ბოლო პერიოდის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის პრაქტიკულად განუსაზღვრელი ექსპანსიისადმი. ამან კი, ესოდენ ძვირფასი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური რესურსის არათანაზომიერ ხარჯვასთან ერთად, ამერიკული საგარეო პოლიტიკის ლეგიტიმაცია ისევ და ისევ საკუთარი მოსახლეობის თვალში შეარყია. შედეგად, გლობალურ და ეროვნულ მოსაზრებათა გამო, დადგა ქვეყნის საგარეო ვექტორის რაციონალიზაციისა და ოპტიმიზაციის ჯერი.    

შემოთავაზებული მიდგომა ქართველებსაც მერამდენედ შეგვახსენებს, რომ საგარეო პოლიტიკა საშინაოს ბუნებრივი გაგრძელებაა და, როცა ქვეყანა თავის საზღვრებში წარუმატებელია, შეუძლებელია, საგარეო არენაზე წარმატებული იყოს. ასევე, ფუჭია რესურსის მიმართვა საზღვარგარეთ სახელმწიფოს ფუნქციების აღსრულებაზე, თუ ეს, უწინარეს ყოვლისა, შენი მოქალაქეების ყოველდღიურობასა და მათი კეთილდღეობის ხელშესახებ გაუმჯობესებას არ ეხება. ეს ერთი დიდი საკითხია, რაზეც სასაუბრო ბევრია და რაც, მათ შორის, როგორც წინა პუბლიკაციაში ვახსენეთ, ქართული საჯარო და სამოხელეო სისტემის ძირეულ გადაწყობას უკავშირდება.

ამასთანავე, არის სხვა, მეტად მნიშვნელოვანი და დამაფიქრებელი ფაქტორიც: რამდენად იმოქმედებს შემოთავაზებული ამერიკული პოლიტიკური ხელწერის პრაქტიკაში განხორციელება შავი ზღვის რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მიმართ ყურადღებასა და მხარდაჭერის ხარისხზე. ეს შეკითხვა კიდევ უფრო აქტუალური იქნება, თუკი მკითხველს გართულებული რეგიონალური კონტექსტის გამო ასეთი თანადგომისა და რესურსის თვისებრივად მატების საჭიროებაზე შევახსენებთ. ვთანხმდებით რა, რომ არსებული მოცემულობა ბოლომდე ვერ პასუხობს შექმნილ გამოწვევებს, ხოლო ქართულ-ამერიკული პარტნიორობის შესატყვისად მოდერნიზებისთვის ვაშინგტონსა და თბილისს, ჯერჯერობით, მკაფიო მზაობა არ განუცხადებიათ, ისმის კითხვა: დარჩება თუ არა ჩვენი რეგიონი ამერიკული გეოპოლიტიკური ყურადღების ცენტრში, ისევე, როგორც ეს ვაშინგტონს მისთვის რადენიმე კრიტიკულ რეგიონზე უკვე აქვს ღიად გაცხადებული? ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით„დაფარვა“ მთლიან რეგიონს თანაბრად ვერ მოიცავს, რა დოზითა და ხარისხით შეინარჩუნებს ამერიკული მხარე შავი და კასპიის ზღვების მაკრორეგიონში ერთ რომელიმე გამოკვეთილ, საყრდენ პარტნიორს? ყველაზე კონსერვატიული სცენარის პირობებეშიც კი, მიგვაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოდელი და თავდაცვის სისტემა, ისევე, როგორც ქართველი ერის მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ განვლილი გზა, აბსოლუტურად ამართლებს ასეთ შერჩევითობას. ხოლო, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საკითხის პოლიტიკურ მდგენელზე შეჯერების შემთხვევაში, მორიგ ამოცანას წარმოადგენს ასეთი მდგენელის პრაქტიკულად აღსრულება ოპტიმალურ პერიოდში.

ამ „დილემას“ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების გარკვეული პასაჟები პასუხობს, მაგრამ ქართული ინტერესესის პრიზმაში, ალბათ, მხოლოდ ნაწილობრივ. ამასობაში, საკითხს მეტად და უკეთ „ჩაშლა“ სჭირდება.

ალიანსები, პარტნიორობები...

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში მუდმივადაა საუბარი ალიანსებისა და საპარტნიორო ურთიერთობათა მნიშვნელობაზე. ცხადია, ამ მეტად საკვანძო მიმართულებისთვის არც მარტის დოკუმენტებს აუვლია გვერდი. ჩვენთვის იმედისმომცემია, რომ საუბარია ამერიკის მიერ საკითხის მიმართ არაპარტიულ მიდგომაზე, რაც თანამიმდევრული პოლიტიკის ერთგვარი წინაპირობაა. აღსანიშნია იმის ხაზგასმაც, რომ შესაბამის გადაწყვეტილებათა მიღება უნდა ხდებოდეს ამერიკელი ხალხის „ინფორმირებული თანხმობის“ პირობით.

სახალხო „ინფორმიმებულ  თამხმობაზე“ აქცენტი უფრო პოლიტიკური რევერანსი გვგონია. არსებითად კი, ჩვენი სურვილია, ამ სიტყვათა წყობის მიღმა ამოვიკითხოთ შემდეგი - საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით გადაწყვეტილებათა მიღება საექსპერტო კვალიფიციური შეფასებების საფუძველზე მოხდეს. წესით, ამ მიდგომაში  უცხო არაფერია, თუ არ გავიხსენებთ თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის მეტად ორიგინალურ და ზეპერსონიზებულ მართვის სტილს. შესაბამისად, მმართველობითი ხელწერის „ძველ საწყისებთან“ მიბრუნებამ რეალურ შედეგეზე ორიენტირებული პოლიტიკის საფუძველი უნდა შექმნას როგორც მოკავშირეთათვის, ისე ჩვენთვის.

ამასთანავე, არ გვტოვებს განცდა, რომ შესაბამისი პროფილის ამერიკულ საჯარო სივრცეში ქართულ თემას სათანადო ადგილი ჯერაც არ მოეძებნა, და ეს მაშინ, როდესაც ამერიკულ ნარატივში იმავე უკრაინის ოკუპაციისა და ანექსიის საკითხი გაცილებით გამოკვეთილია.

უფრო მეტიც: ჩვენი აზრით, არც შავი ზღვის რეგიონს ეთმობა ის ყურადღება, რასაც იგი ევრაზიაში გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსის კუთხით მნიშვნელობიდან გამომდინარე იმსახურებს. ეს დანაკლისი არა მარტო აშშ-ის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკურ დოკუმენტებშიც შეინიშნება და ამისთვის გვერდის ავლა ამ პუბლიკაციაში  (წინა პუბლიკაციების მსგავსად) შეუძლებლად მიგვაჩნდა.

რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ სხვა კრიტიკული რეგიონების როლს გლობალური უსაფრთხოების საქმეში, მით უფრო, რომ კარგად გვესმის: უსაფრთხოების ძველი მოდელი არსებული გამოწვევების საპასუხოდ ვეღარ გამოდგება, ხოლო ახლის კონტურების გამოკვეთა ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ, სწორედ  მსოფლიოში მიმდინარე ამ გარდამავალი ეტაპის სპეციფიკის გათვალისწინებით, აუცილებელია, შავი ზღვის რეგიონმა საგანგებო როლი დაიმკვიდროს ზოგადდასავლურ პოლიტიკაში, ხოლო საქართველომ - როგორც შავ ზღვაზე დასავლური უსაფრთხოების საყრდენმა ქვეყანამ - განსაკუთრებული ნიშა და შესაბამისი დამოკიდებულება მოიპოვოს. ეს, გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად, ცნობილი „ორმხრივი ქუჩის“ აუცილებელი მოთხოვნაა. თუკი ამის გაცნობიერება დროულად არ მოხდება,  დასავლეთი რეგიონზე მოჭიდების შესუსტების რეალური საფრთხის პირისპირ აღმოჩნდება, საქართველო კი თავისი სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე ქმედით მხარდამჭერს დაკარგავს.

ამ არასასურველი შედეგის ასაცილებლად, დასავლურ და ამერიკულ ძალისხმევასთან ერთად, აუცილებელია ოფიციალური თბილისის გააქტიურება. ჩვენ მაქსიმალურად უკეთ უნდა მივიტანოთ ხმა ვაშინგტონამდე, - რომ დადგა დრო, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ სრულფასოვან სტრატეგიულ მოკავშირეობაში გადაინაცვლოს. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ორმხრივ ინტერესებს მოემსახურება. ასევე, უპირველესად, ქართულ მხარეს ევალება, ევროპელებს საბოლოოდ გააგებინოს, რომ მათი დედაქალაქების უსაფრთხოების განმსაზღვრელი, მათ შორის, საქართველოს დედაქალაქის უსაფრთხოებაა. ბერლინსა თუ პარიზს რუდუნებით უნდა ავუხსნათ, რომ საერთოევროპულ უსაფრთხოებას (ნატო-ს „ქოლგის“ თუ „ევროპული ავტონომიის“ ქვეშ) სამხრეთის ფლანგზე კრავს ჩვენი ქვეყანა როგორც ევროპული პოლიტიკური ერთობის უკიდურუსი, მაგრამ არსებითად ორგანული ნაწილი.

„საგარეო პოლიტიკაზე ახალი ხედვით“

სწორედ ესაა 3 მარტის დოკუმენტების ერთ-ერთი მთავარი მოწოდება და სტატიის დასკვნით ნაწილში ამ პათოსს დავეყრდნობით. აქვე შევნიშნავთ, რომ ქართული საგარეო ხაზის გადაწყობის აუცილებლობაზე, მის ცალკეკულ ასპექტებზე არაერთ პუბლიკაციაში გვქონდა საუბარი. ამჯერად, მხოლოდ რამდენიმე დამატებითი მოსაზრების გადმოცემით შემოვიფარგლებით, სადაც, ნაწილობრივ, უკვე ნათქვამის სულისკვეთებაც იქნება და ახალი წახნაგებიც.

ცხადია, რთულია, მოკლე სტატიაში სრულად შეაფასო ქართული საგარეო პოლიტიკა. თემა იმდენად მასშტაბური და საჭირბოროტოა, რომ ასეთი ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავება მხოლოდ დამსახურებულად ღვაწლმოსილი პრაქტიკოსებისა და რეალურად განსწავლული სპეციალისტების კარგად ორგანიზებული, შეკრული ჯგუფის ფარგლებში თუ გახდება შესაძლებელი. აქვე დავძენთ, რომ აქცენტი „დამსახურებულად ღვაწლმოსილსა“ და „რეალურად განსწავლულზე“ შემთხვევით არ გაგვიკეთებია და საგანგებოდ ხაზგასმის საფუძველს საქმეში ჩახედული აუდიტორია კარგად მიგვიხვდება.

ასევე, ამგვარი სამუშაოს აუცილებელი პირობა უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მის შედეგებში გულწრფელი დაინტერესება და შესატყვისი რეკომენდაციების პრაქტიკაში განხორციელებისთვის უანგარო მზაობა. ყოველივე ამის გარეშე შექმნილი მოლოდინი ფუჭი იქნება, პროცესი კი - ყალბი და თვალთმაქცური. ასეთი პრეცედენტი უახლეს ისტორიაში არაერთია და, სამწუხაროდ, არცთუ საამაყო გამოცდილებით „გვანებივრებს“.

აქვე, საკუთარ თავს შევახსენებთ, რომ საგარეო პოლიტიკის არსის ცვლილებასთან ერთად (რაც დღეს  მთლიანად შთანთქავს საშინაო პოლიტიკურ ელემენტებს და მათგან, პრაქტიკულად, განუყოფელია), შეიცვალა წარმოდგენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე. თანამედროვე გაგებით, ეს უკვე მხოლოდ თავდაცვის სისტემის მზაობა ან საზღვრების ხელუხლებლობა კი არ არის, არამედ თანაბრად მოიცავს ეკონომიკას, განათლებას, ტექნოლოგიებს, მედიცინასა და ყველა სხვა შრეს, რაც ეროვნული სახელმწიფოებრივი ორგანიზმის სიმტკიცესა და გამოწვევების გადალახვისთვის აუცილებელ უნარებს უკავშირდება. მოცემულ ისტორიულ ეტაპზე ასეც არის: თანამედროვე სახელმწიფო უკვე აღარ არის სხვადასხვა უწყებად თუ სტრუქტურად დაყოფილი და უფლებამოსილებებგადანაწილებული კონსტრუქცია. იგი ფიზიკური, ლოგისტიკური თუ მორალურ-ფსიქოლოგიური რესურის საერთო-ეროვნულ  მთლიანობას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული გარემოება მკაფიოდ უნდა აღიბეჭდოს ქართული საგარეო სამსახურის მიდგომაში და უნდა ჩანდეს მის ამა თუ იმ გადაწყვეტილებასა თუ ქმედებაში. წარმოუდგენელია, საქართველოს „ფორინ ოფისის“ ფუნქცია მხოლოდ კრიზისებზე რეაგირებით იფარგლებოდეს, რისი მოწმენიც დღეს ვართ. დროის მოთხოვნაა, რომ იგი მოქმედებდეს სტრატეგიული ეროვნული მიზნებით, ქართულ და გარე აუდიტორიას სთავაზობდეს ახლებურ გადაწყვეტილებებსა და კონცეპტუალურ შეთავაზებებს. ყველაფერთან ერთად, ეს გამორიცხავს საგარეო სამსახურის პოლიტიზებული თუ პარტიული ნიშნით დაკომპლექტებას. აღსანიშნავია, რომ ასეთ მანკიერ „გამოცდილებასთან“ გამომშვიდობება არაერთ „დასნეულებულ“ უწყებას არ აწყენდა, მაგრამ მოცემულ სტატიაში საუბარი, მეტწილად, ქართულ დიპლომატიაზეა. საზოგადოების დაკვეთად უნდა იქცეს ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულების უმაღლეს დონეზე აყვანა, მისი შემოქმედებითი აზროვნების აღზევების გზით. აუცილებელია, კიდევ უფრო გაღვივდეს საქართველოს საგარეო უწყების საქართველოს „საშუალო სტატისტიკურ“ მოქალაქესთან კავშირის განცდა, ხოლო ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადასაჭრელად მისი საქმიანობა პრაქტიკულად ღირებული გახდეს. სამსახურის რენომეს ზრდას დიდად ხელს შეუწყობს, ასევე, ქართველ დიპლომატთა თაობების მიერ განვლილი გზის სათანადოდ დაფასება, რაც მომავალ თობათა მისამართით ავანსად გასაცემი მატერიალური თუ არამატერიალური თანადგომის საწინდარიც იქნება.

დაბოლოს, ერთი მოკლე, თუმცა, არსებითი მოსაზრება:

თანამედროვე მსოფლიო იმდენად „არაკონვენციური“, უჩვეულო  გახდა, რომ ჩვეულებრივი, სტანდარტული, გნებავთ, სტერეოტიპული მეთოდებით საქმის კეთება მოსაწყენია მეგობრებისათვის, მოწინააღმდეგეებისათვის კი - იოლად პროგნოზირებადი. ეს შეხსენება თანაბრად ეხება ქართული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას, სადაც „ახალი იდეების“ „ძველი საშუალებებით“ გატარება დროსთან და მოლოდინებთან დისონანსშია. ე.წ. ნორმალური საგარეო პოლიტიკის ხანა წარსულს ბარდება, ხოლო პროცესების მიმდინარე და მომდევნო ეტაპებზე რეალური შედეგების მიღწევა ჩვეულებრივი (კონვენციური) და უჩვეულო (არაკონვენციური) ხერხების შეწყობითაა შესაძლებელი. ასეთი მიდგომა მით უფრო აქტუალურია, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა მორიგი ფრაგმენტაციის სტადიას გადის, რაც, ერთი მხრივ, რეგიონალური გეოპოლიტიკური ცენტრების მომრავლებით, ხოლო მეორე მხრივ, ურთიერთოებში არანორმირებული ნაციონალიზმის მატებით ხასიათდება. ეს და სხვა ფაქტორები კიდევ უფრო აქტუალურსა და გადაუდებელს ხდის ქართული საჯარო-სამოხელეო სისტემისა და, მასთან ერთად, საგარეო მიმართულების სწრაფ მოდერნიზებასა და გარაციონალურებას.

ჩვენ ირგვლივ არსებული სამყარო ახალ რეალობებს უახლოვდება, ეს კი ქართველი ერისგან ცვლილებების შესაბამის მომენტში, მათ დროულად და ხარისხიანად განხორციელებას განაპირობებს. და ესეც იმიტომ, რომ როგორც ერმა, ფორმირებადასრულებულ სამყაროში აუცილებელი კონკურენტუნარიანობა შევიძინოთ და აუტსაიდერის არასახარბიელო როლი ავიცილოთ.             

 

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე