ბიზნესი
06/11/2020

საქართველოში იუველირები მოძველებული ტექნოლოგიით მუშაობენ - Delfos

მულტიბრენდული საიუველირო გალერეათა ქსელი Delfos-ის გენერალური დირექტორი ნიკოლოზ კირვალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში იუველირების (ხელოსნების) დაბალ კვალიფიკაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პრობლემა რეალურია.

„საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხელოსანი და ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, ფლობენ შედარებით მოძველებულ ტექნოლოგიებს. ეს ის ტექნოლოგიებია, რომლებსაც ჩვენი ხელოსნები ხმარობენ, ესენი 1980-90-იან წლებში, ევროპაში გამოიყენებოდა,“ - აცხადებს კირვალიძე.

მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც კომპანია Delfos-ი საკუთარი წარმოების დაიწყებს და საიუველირო საწარმოს გახსნის, ხელოსნების გადაამზადებს.

„საწარმოსთვის უკვე მოძიებული გვაქვს იტალიური  დანადგარები, რომელსაც  მოჰყვება ხელოსნების გადამზადების სერვისიც. ორი ვარიანტია -ან დანადგარს უნდა ჩამოჰყვეს წარმომადგენელი, რომელიც რამდენიმე ადამიანს ადგილზე ასწავლის ტექნოლოგიასთან მუშაობას და მეორე - ჩვენ გავაგზავნოთ მათთან და იქ მოხდეს გადამზადება. სავარაუდოდ, პირველ ვარიანტს ავირჩევთ, რადგან ფინანსურად უფრო იაფი დაჯდება,“ - აცხადებს კირვალიძე.

შეგახსენებთ, Delfos-ის პირველი მაღაზია 2008 წელს გაიხსნა. დღეს კომპანია რეგიონების ჩათვლით 7 მაღაზიითაა წარმოდგენილი, მათ შორის 6-თბილისში, 1-ბათუმში.  კომპანია  უახლოეს მომავალში საიუველირო საწარმოს გახსნას გეგმავს.