ბიზნესი
09/08/2023

ტიფანის ტექნიკით დამზადებულ ვიტრაჟებზე მოთხოვნა გაიზარდა - Art Glass Studio

ტიფანის ტექნიკით დამზადებულ და კლასიკურ, ტიხრულ ვიტრაჟებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ბათუმში მდებარე Art Glass Studio-ს გაყიდვების მენეჯერმა, ლია ცქვიტინიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გაზრდილი მოთხოვნის მიზეზი საზოგადოების შეცვლილი ქცევაა.

„ბოლო დროს, ხალხმა უფრო მეტი ყურადღების მიქცევა დაიწყო გარემოსთვის, როგორც სახლებში, ისე მაგალითად კვების ობიექტებში. მარტო ის აღარ არის, რომ პირობითად, რესტორანში საკვებად და გასართობად მივიდნენ, დიდი ყურადღებას აქცევენ ინტერიერ-ექსტერიერსაც. ანალოგიური დამოკიდებულებაა სახლების მიმართაც, ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ფერად ვიტრაჟებზე მოთხოვნა თანაბრადაა გაზრდილი როგორც ფიზიკური პირების, ისე სხვადასხვა დაწესებულების, მათ შორის კი, ყველაზე მეტად -  რესტორნების მხრიდან“, - აღნიშნა ლია ცქვიტინიძემ.

მისივე განმარტებით, თუ წელიწადში ტიფანის და კლასიკური, ტიხრული ვიტრაჟების შემთხვევაში, ხან მხოლოდ 1 შეკვეთა ჰქონდათ, ახლა, მხოლოდ ამ სეზონზე უკვე 5-6 შეკვეთა მიიღეს.

„გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვაპირებთ ახალი კადრების დამატებას და წარმოების გაფართოებას. უკვე ვეძებთ ახალ თანამშრომლებს“, - განმარტა Art Glass Studio-ს გაყიდვების მენეჯერმა.

როგორც ლია ცქვიტინიძე ამბობს, ვიტრაჟი საკმაოდ ძვირად ღირებული პროდუქციაა და ამჟამად, 1 კვადრატული მეტრის მინიმალური ფასი 1500-2000 ლარიდან იწყება. ღირებულებას შესრულების ტექნიკის სირთულე, ასევე ფერების და ორნამენტების მრავალფეროვნება განსაზღვრავს.

ცნობისთვის, Art Glass Studio-ს დაფუძნების იდეა მერაბ მიქელაძეს 10-15 წლის წინ გაუჩნდა და ბათუმში, მცირე მასშტაბით, წარმოება დაიწყო. 2018 წელს კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტიც მიიღო 20 ათასი ლარის ოდენობით და ამ თანხით, ვიტრაჟის კონტურული დანადგარი შეიძინა, რითიც წარმოების პროცესი დახვეწა, გაიმარტივა და უფრო მასშტაბური გახადა. Art Glass Studio-ს საქმიანობა დღეს, ძირითადად, მოიცავს: მხატვრულ ვიტრაჟს, ტიფანისა და გრავირებას.

ბათუმში წარმოებული ვიტრაჟები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. აჭარაში წარმოებული ფერადი ვიტრაჟები ექსპორტზე უკვე გავიდა ისეთ სახელმწიფოებში, როგორებიცა- ნიდერლანდები, აშშ, საფრანგეთი და ბალტიის ქვეყნები.

Businesspartner