ეკონომიკა
14/03/2022

"საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის ერთობლივი კომპანიის შექმნით ერთი ფანჯრის პრინციპი ამოქმედდება"

საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ერთობილივი კომპანიის შექმნას განიხილავენ, რომელიც საგზაო ტვირთების გადაზიდვის განვითარებასა და ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის განვითარებაზე (TITR) იმუშავებს.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან სულაბერიძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ერთიანი კომპანიის შექმნა მნიშვნელოვანია და ამისთვის მზადება დიდხანს მიმდინარეობდა, თუმცა უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა გარკვეულწილად დააჩქარა ეს პროცესი.

"ამ მიმართულებით, საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზას დიდი ხანია მუშაობა დაწყებული აქვს და ეს იდეა დაახლოებით 5–6 წლის წინ გაჩნდა. როგორც ცნობილია, საქართველო ტრანსკასპიური მაგისტრალის პროექტის მონაწილეა, რომელიც გულისხმობს ჩინეთიდან ყაზახეთი–აზერბაიჯანი–საქართველოს გავლით ევროპაში ჩინური ტვირთების ტრანსპორტირებას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იქმნება ერთობლივი ოპერატორი, რომელიც განახორციელებს ამ გადაზიდვებს, უზრუნველყოფს ტვირთების ორგანიზებას ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს ტერიტორიაზე და მიიტანს ამას საქართველოს პორტებამდე, რომ შემდეგ მოხდეს ტრანსპორტირება," – აღნიშნავს, ლევან სულაბერიძე.

მისივე თქმით, თუ აქამდე დაინტერესებულ პირს ერთიანი ტარიფის მისაღებად სჭირდებოდა ცალკე-ცალკე მისულიყო აზერბაიჯანის, ყაზახეთის ან საქართველოს რკინიგზასთან, ახლა ეს იქნება ერთ წერტილში და იმოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი. შესაბამისად, მომხმარებელი მიიღებს ერთიან ტარიფს და მთელ გზაზე, რომელიც დაახლოებით 7000-8000 კმ-ის მანძილს მოიცავს, ერთი კომპანია მოემსახურება.

"ამ გაერთიანებით დაინტერესებულია ჩინური მხარე, ასევე ევროპული თვითმიმღებები, შესაბამისად ეს ხელს შეუწყობს ტვირთნაკადის გაზრდას ჩვენს დერეფანში. პირველ რიგში, ეს შეეხება საკონტეინერო ტვირთნაკადის ზრდას. რა თქმა უნდა, TMTM ასოციაციის ფარგლებში შემუშავებულია გამჭოლი სატრანზიტო ტარიფები ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, თურქეთის, უკრიანის და პოლონეთის სადგურებამდე, სხვადასხვა სახის ტვირთების გადასაზიდად. ხოლო, სამი ქვეყნის ერთობლივი კომპანია, აღნიშნულ სატარიფო პოლიტიკაზე დაყრდნობით, განახორციელებს უკვე ფიზიკურად გადაზიდვების ორგანიზებას. ეფექტი იქნება ის, რომ გაიზრდება ტირთბრუნვა.

პოტენციური ტვირთების ძალიან დიდი ჩამონათვალია, ეს იქნება 20–იანი ან 40 ფუთიანი კონტეინერები, ხორბალი, ნახშირი, მარცვლეული, სხვადსხვა ქიმიური მრეწველობის ნაწარმი, სასუქები, ფეროსილიციუმი და სხვა. ჩინურ ტვირთთან ერთად გვხვდება ასევე იმ საქონლის დიდი სპექტრი, რომელიც იწარმოება ყაზახეთში, უზბეკეთში და რომელიც აქამდე ექსპორტზე სხვადასხვა დერეფნებით გადიოდა. ახლა კი ამ თრეიდერებს საშუალება ექნებათ ჩვენი დერეფნით უფრო მოქნილად და მარტივად ისარგებლონ," – აცხადებს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.