საგარეო ვაჭრობა 35.3%-ით გაიზარდა - ექსპორტში სპილენძის მადნები ლიდერობს
2022 წლის იანვარ-სექტემბერში, საგარეო ვაჭრობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35.3 %-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, სავაჭრო ბრუნვამ 13 612.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 4 097.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 9 515.0 მლნ. აშშ დოლარს. ექსპორტის შემთხვევაში 37.4 %-იანი ზრდაა, იმპორტის შემთხვევაში კი, 34.4 %-იანი ზრდა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, 5 417.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.8 პროცენტია.
ამასთან, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (574.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (488.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (473.2 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.1 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 681.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 243.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (829.3 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 035.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 716.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 404.1 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 753.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 590.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 431.6 მლნ. აშშ დოლარით (10.5 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 086.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 11.4 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 021.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 10.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 568.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.0 პროცენტი).