ეკონომიკა
05/03/2023

როგორია სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის სწავლების პრინციპი

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს  დასაქმების გარანტია ექნება, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ზე „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ჯორბენაძემ ისაუბრა.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, მათი მიზანი იყო მომავალში საქართველოს რკინიგზის საკადრო რესურსი უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ასევე, კოლეჯში საუკეთესო ევროპული სტანდარტები დაენერგათ, რისთვისაც ისინი თანამშრომლობდნენ Deutsche Bahn-ის საწარმოსთან, რომელთან ერთადაც დუალური პროგრამა შეიმუშავეს.  

„საკმაოდ დეფიციტური აღმოჩნდა პროფესიული კადრების არარსებობა ბაზარზე. ნელ-ნელა მივხვდით, რომ ის პროფესიები, რომელიც კრიტიკულია საქართველოს რკინიგზისათვის, ბერდება და ინტერესი აღარ გაჩნდა ახალ თაობაში," -ამბობს ნინო ჯორბენაძე.

ჯორბენაძის მტკიცებით, სტუდენტები, რომლებიც დაასრულებენ სწავლას, ისინი ფაქტობრივად მზა პროფესიონალები ხდებიან თავის პროფესიაში, ვინაიდან პროგრამა დუალურია და მოიცავს თეორიულთან ერთად პრაქტიკულ სწავლებას, თუმცა სწავლას თან ბევრი გამოწვევა ახლავს და მარტივი არ არის, შესაბამისად მოლოდინი, რომ ყველა დაასრულებს სწავლას არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ  კოლეჯში გადამზადების პროგრამაცაა დანერგილი. ნინო ჯორბენაძის ინფორმაციით, ახალწვეულების გარდა  არსებულ თანამშრომლებსაც  საშუალება აქვთ, რომ სხვა საქმიანობით დაინტერესების შემთხვევაში კოლეჯში ისწავლონ. სწავლის პერიოდში დახარჯული სამუშაო საათები კი სრულად აუნაზღაურდებათ.

შეგახსენებთ, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი 2015 წელს დაფუძნდა, თუმცა, ნაკადების  აქტიური მიღება 2018 წლიდან დაიწყო.

 

Businesspartner