ეკონომიკა
29/09/2020

როგორია საქართველოს სავაჭრო ბრუნვა სამხედრო დაპირისპირებაში მყოფ სომხეთთან და აზერბაიჯანთან

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის მოკლევადიან პერსპექტივაში კონფლიქტურ რეგიონში ინვესტიციების განხორციელება შეიზღუდოს, შემცირდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა და ისედაც შეზღუდული ტურისტული ნაკადები. გრძელვადიან პერსპექტივაში კი პრობლემები შესაძლოა უფრო ყოვლის მომცველი აღმოჩნდეს, კერძოდ, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას ენერგომატარებლების გაცვლა-გამოცვლასა და ტრანზიტს. დიდი ალბათობით საქართველოში შემცირდება აზერბაიჯანიდან ინვესტიციების მაჩვენებელი, რაც დიდი დანაკლისი იქნება ქვეყნისთვის.

საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისით საქართველოსთვის ორივე ქვეყანა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

საქსტატის მონაცემებით, 2018-2019 წლებში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სიის სათავეში აზერბაიჯანია. 2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 3,798 მლრდ დოლარის პროდუქცია, აქედან 508.7 მლნ დოლარი სწორედ აზერბაიჯანზე მოდის. 

2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, აზერბაიჯანში ექსპორტზე 284,286 მლნ დოლარი პროდუქცია გავიდა და უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანას ჩინეთს მცირედით ჩამორჩება.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა იმპორტის თვალსაზრისითაც. ის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების წამყვან ხუთეულშია. 2019 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 558,7 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, მაშინ როდესაც მთლიანად იმპორტის მოცულობა ქვეყნისთვის 9 მლრდ-ზე მეტით განისაზღვრა.

2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებითაც, აზერბაიჯანი უმსხილესი იმპორტიორებს შროის კვლავინდებურად მეხუთე პოზიციაზეა 309,555 მლნ დოლარით.

სავაჭრო ბრუნვის მიხედვით უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების 2019 წლის ჩამონათვალში აზერბაიჯანი მეოთხე ადგილს იკავებს. მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვამ 1,067 მლრდ დოლარი შეადგინა. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში, ორ ქვეყანას შროსი სავაჭრო ბრუნვა 594 მლნ დოლარამდეა.

რაც შეეხება სომხეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვას, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 385,648 მლნ დოლარია, 2019 წელს კი 700 მლნ დოლარს აღემატებოდა.

2018-2019 წლებში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში სომხეთს მესამე ადგილი უკავია.

2020 წლის 8 თვეში საქართველოდან სომხეთში ექსპორტზე 122,413 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა. 2019 წელს კი - 432,6 მლნ დოლარის.

2020 წლის 8 თვეში სომხეთიდან საქართველოში იმპორტირებულია 263,235 მლნ  დოლარის პროდუქცია. 2019 წელს კი - 267,7 მლნ დოლარის.

ცნობისთვის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მხარეების მტკიცებით, დაღუპულია და დაჭრილია რამდენიმე ასეული ადამიანი როგორც ერთი ასევე მეორე მხრიდან.

 

Businesspartner