ეკონომიკა
19/07/2022

რას ყიდის საქართველო საექსპორტო ბაზრებზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა $533.1 მლნ–ით, რაც მთელი ექსპორტის 20.8% შეადგენს.

მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები $301.6 მლნ–ით და მთლიანი ექსპორტის 11.8%–ი უჭირავს, ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები $269.3 მლნ–ით, რომელიც მთლიანი ექსპორტის 10.5%–ს იკავებს.

შემდეგ მოდის, აზოტოვანი სასუქები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, ელექტროენერგია, სპირტიანი სასმელები, სამკურნალო საშუალებები, მინერალური და მტკნარი წყლები, დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო და დანარჩენი საქონელი. 

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $606.8 მლნ და მთელი იმპორტის 10.3%  შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $576.8 მლნ–ით (იმპორტის 9.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები $416.3 მლნ–ით (იმპორტის 7.0 პროცენტი).

ცნობისთვის, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 477.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.4 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 35.6% გაიზარდა და $2 558.7 მლნ-ს შეადგენს, ხოლო იმპორტი 35.3%–ით და $5 918.6 მლნ შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარ-ივნისში, $3 359.9 მლნ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6%–ია.