რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის - საბჭომ დეტალებზე იმსჯელა
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიზნით - დეტალებზე ეკონომიკური საბჭოს შეხვედრაზე იმსჯელეს.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო მშენებლობების გრძელვადიან პროექტებზე.
როგორც ცნობილია, მთავრობა სამშენებლო სექტორს სთავაზობს, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი და მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის მიმდინარეობაზეც იმსჯელეს. პრემიერის თქმით, არსებული სოციალური პოლიტიკის შეცვლა, მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის შემცირება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია.
სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების გააქტიურების მექანიზმებზე, ძირითადად განახლებადი ენერგიების მიმართულებით. ყურადღება დაეთმო კურორტების პრივატიზების დაჩქარებისა და მეტი ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს, რაც ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ აღდგენას შეუწყობს ხელს.