ფოტო: shutterstock
ბიზნესი
14/02/2022

გარანტირებული დაკვეთა ფინანსების მოზიდვის სანაცვლოდ - სახელმწიფოს შეთავაზება სამშენებლო სექტორს

მთავრობა სამშენებლო სექტორს ახალ შეთავაზებებს უკეთებს.

ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო დეველოპერებს დამატებითი ფინანსური მოზიდვის სანაცვლოდ საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გარანტირებულ დაკვეთას სთავაზობს.

პრემიერის თქმით, ინიციატივა დამატებით 1-2%-იან ეკონომიკურ ზრდას მოიტანს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის პერიოდის გამოცდილების შედეგიანობაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს იდეა მაშინ  პრაქტიკაში წარმატებით განახორციელდა და 3-5 წელიწადში შესასრულებელი სამუშაოები ერთ წელში შეასრულეს.

პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყანას ეკონომიკური ზრდის ამაჩქარებლები და არაორდინარული ნაბიჯები სჭირდება.

ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ინიციატივა დარგის მხარდაჭერის პარალელურად, საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში დაგეგმილ სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის გაზრდის.

"ამ ინიციატივით, მინიმუმ 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელს", - განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა ჩამოთვალა პროექტები, რომლის განხორციელებსაც მთავრობა გეგმავს:

დევნილებისთვის სახლები დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი;

პოლიციის ქალაქის მშენებლობა;

პოლიციის შენობების აშენება-რეაბილიტაცია;

800-მდე სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა;

ბაღების მშენებლობა;

გარდა ამისა თავდაცვის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს პროექტები და სხვა.

"სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ შემდეგს, რომ მათ შეუძლიათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ამ მოცულობის სამუშაოებზე და რა თქმა უნდა, ჩვენ 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ინიციატივის გაცნობის მიზნით ვიცე-პრემიერს სამშენებლო სექტორთან აქტიური შეხვედრების გამართვა დაავალა.