რა გავლენას მოახდენს COVID-ით დაზარალებულ ეკონომიკაზე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების გაგრძელება საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ასეთია ქართველი ანალიტიკოსების ვარაუდი. კომპანია „ჯეოქეისის“ ხელმძღვანელი, ვიქტორ ყიფიანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს რა უარყოფით შედეგებს მოუტანს კორონა ვირუსის პანდემიით ისედაც დაზარალებულ ეკონომიკას სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი.
„ამ საკითხზე საუბრისას ორი შრე უნდა გავითვალისწინოთ. პირველი ორმხრივი ურთიერთობებია, მეორე - რეგიონალური პროექტები.
აზერბაიჯანი სავაჭრო პარტნიორების სიის პირველ ათეულშია. ის ასევე შედის მთავარი საინვესტიციო პარტნიორების ოცეულში. ბუნებრივი აირისა და ნავთობის სფეროში მას პირველი ადგილი უჭირავს. ასევე მხედველობაში მისაღებია, რომ ტურიზმის გადმოსახედიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან საქართველოში ვიზიტორები მოწინავე ადგილებს იყოფდნენ. ესეც ამ კონფლიქტის ერთ-ერთი თანმდევი შედეგი იქნება“,- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.
მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონალური ასპექტის გათვალისწინება.
„რაც შეეხება რეგიონალურ განზომილებას, ის ენერგო დერეფანი, რომელიც დღეს სამ ქვეყანას, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს აკავშირებს, ამ კონფლიქტის უშუალო სიახლოვეს არის. ბუნებრივია, კონფლიქტის არეალის გაფართოებას შეიძლება მოჰყვეს ამ კორიდორზე უარყოფითი შედეგი. ასევე არსებითია სატრანსპორტო კორიდორიც. ასევე, მთელი რიგი საკითხები, რომელიც ტელეკომუნიკაციებს, ბოჭკოვანი კაბელის პროექტს, ე.წ აბრეშუმის გზის სატელეკომუნიკაციო ჰაბს ეხება. ეს მსხვილი პროექტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში შედის“,- განმარტა ყიფიანმა.