ყოფილი "მიხაილოვის“ საავადმყოფოს ტერიტორია ₾16 მლნ-ად იყიდება
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თბილისში, აღმაშენებლის N 60-ში მდებარე ყოფილ „მიხაილოვის“ სავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილ შენობა-ნაგებობებს ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.
ობიექტი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი. აუქციონის საწყისი ფასი 16 მლნ ლარია.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაშიც აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს 30 მლნ ლარის ინვესტიციის ვალდებულება ექნება. ვალდებულებაა ასევე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენა და შენარჩუნება.
ელექტრონული აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
წმ. მიქაელის სახელობის ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორია 2015 წლის დასაწყისში 4 მლნ დოლარად გაიყიდა. მაშინ ინვესტორი ვალდებული იყო ტერიტორიაზე არანაკლებ 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე განეთავსებინა. საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 100 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის დასაწყისისთვის უნდა დაეწყო. კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და იმავე წლის ბოლოს „აღმას“ ქონება ჩამოერთვა.
ქონების ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი მას შემდეგ საპრივატიზაციოდ სამჯერ გამოიტანა.ბოლოს, აუქციონი 2021 წლის 30 მარტს გამოცხადდა, რა დროსაც ობიექტის საწყისი ფასი 39,800,000 ლარამდე გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც საინვესტიციო ვალდებულება ისევ 40,000,000 ლარი იყო. თუმცა, აუქციონი ჩაიშალა.