ეკონომიკა
18/04/2022
პრემიერი: ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განვადებით მშენებლობის მასშტაბური პროგრამა იწყება. დაფინანსების ჯამური მოცულობა 2.5 - 3 მლრდ ლარამდე იქნება. პროგრამის ფარგლებში დასაქმდება 20 000 ადამიანი.
"ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ მოიზიდონ ჩვენი გარანტიით, გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ერთის მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ და მეორეს მხრივ, ეკონომიკას დაეხმარება ეს ყველაფერი. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს ვადაზე ადრე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა სამინისტროების მიხედვით ჩამოთვალა ის პროექტები, რომლის განხორციელებად 2022 წელსვე დაიწყება და მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში დასრულდება.
მისი თქმით, იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება, მათ შორის, აშენდება 80 ახალი სკოლა, აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412. ბიუჯეტი დაახლოებით 1 მლრდ ლარი იქნება.
"ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ძალიან ჯანსაღ გარემოში, ამიტომ მათთვის აუცილებელია, რომ სკოლები, ბაღები იყოს იდეალურ მდგომარეობაში, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი,“- განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება დევნილების მიმართულებას, პრემიერის ინფორმაციით, მომდევნო 3-4 წელიწადში 13 000-მდე ოჯახი მიიღებს ბინებს.
"მათგან ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს, დაახლოებით 6 ათას დევნილს გადაეცემა სახლები „სოფლად სახლის“ ფარგლებში და 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები და მათ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით, რაც ჩვენი ვალდებულებაა. ქუთაისში წელს სრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ და გაზაფხულზე, ახლა, როგორც აღვნიშნე, დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც მაქსიმუმ 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს", - აღნიშნა პრემიერმა.
შს სამინისტროს მიმართულებით, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, გმირი პოლიციელებისთვის 1 000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება. პროექტის განხორციელება წელსვე დაიწყება. პოლიციის ქალაქი ჯიქიას ქუჩაზე აშენდება, სადაც განთავსებული იყო სპეცდანიშნულების ბაზა.
"აღნიშნულ ბაზას სხვა ადგილზე გადავიტანთ და ამ ადგილზე 1000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, რომ 1000 ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს, სექტემბერში ჩაბარდებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, დაგეგმილია პოლიციის ყველა შენობის და ბაზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 300 - 350 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელსვე დაიწყება და 3 წელიწადში დასრულდება.
რაც შეეხება კულტურის და სპორტის მიმართულებას, პრემიერის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება თეატრების რეაბილიტაცია. ყველა მუნიციპალიტეტში აშენდება სპორტული კომპლექსი.
პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და აღნიშნა, რომ მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება.
თავდაცვის უწყების მიმართულებით იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა. თბილისში იგეგმება კადეტთა ლიცეუმის მშენებლობაც.
"ჩვენი სურვილია, რეგიონში ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა, ე.წ მუხროვანის ბაზა. იქ დაწყებულია სამუშაოები, მაგრამ ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი, რომელიც წელსვე დაიწყება და მაქსიმუმ 2-3 წელიწადში დასრულდება და გვექნება ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, სამაგალითო თანამედროვე სამხედრო ბაზა, სპეციალური ოპერაციების ბაზა. ასევე გვინდა, აღმოსავლეთ საქართველოშიც ავაშენოთ კადეტთა ლიცეუმი. მოგეხსენებათ, კადეტთა ერთი ლიცეუმი არსებობს ქუთაისში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში და გვინდა, ანალოგიური კადეტთა ლიცეუმი ავაშენოთ თბილისში, კრწანისის რაიონში", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ასევე იგეგმება სამხედრო მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობის დაწყება, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო დროებით შეჩერდა და ეს პროექტიც მივა ბოლომდე.