პრემიერი: რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით გვაქვს გამორჩეული ეკონომიკური ზრდა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს ევროპის მასშტაბით გამორჩეული ეკონომიკური ზრდა აქვს.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოს ქვეყანას 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება.
მისი თქმით, მთავრობა 2022 წლიდან მეტ პროექტს განახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, აგრეთვე სოფლის მეურნეობას უფრო მეტად წაახალისებს.
"რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით გვაქვს ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტ პროექტებს განვახორციელებთ, მეტად წავახალისებთ საშუალო და მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობას. ზოგადად ბიზნესთან გვექნება მჭიდრო ურთიერთობა, იმისთვის, რომ მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.