ეკონომიკა
27/09/2021

პრემიერი: კორუფციის კონტროლით საქართველო ევროკავშირის 10 ქვეყანას უსწრებს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს კორუფციის კონტროლით პროგრესი აქვს. პრემიერმა ეს განცხადება მსოფლიო ბანკის კვლევაზე დაყრდნობით გააკეთა. 

"საქართველოს კორუფციის კონტროლის და ეფექტური მმართველობის მიხედვით ევროპაში და მთელ მსოფლიოში წამყვანი და სანიმუშოდ კარგი პოზიციები აქვს. კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო 189 ქვეყანას შორის TOP 50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა. ხოლო, ევროპის მასშტაბით, საუკეთესო ოცეულში - მე-19 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საუკეთსო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მეოთხედ მოხვდა. შედარებისთვის, მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო იყო 62-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ოცეულს მიღმა",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, კორუფციის კონტროლით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 10 სახელმწიფოს - ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთ.

"ასევე ჩვენ ვუსწრებთ ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნებს, როგორიცაა ირკლანდია, ბრიტანეთი, გაერთიანებული სამეფო, ისლანდია და ევროპის რამდენიმე მოწინავე სახელმწიფო. 

ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან საქართველო კორუფციის კონტროლით უსწრებს 14 სახელმწიფოს. 

ასევე ჩვენი ქვეყანა ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში მას მხოლოდ ბალტიის ქვეყნები უსწრებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით,"ფრიდონ ჰაუსის" შეფასებით, საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავსუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა. "Gallup" -ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით ევროპის საუკეთესო ოცეულში, მე-14 ადგილზეა.