პრემიერი: კარგად მესმის რესტორნების, მაგრამ გრძელვადიან შედეგებზე უნდა ვიზრუნოთ
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელება მართვადია, რაც შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, გეგმის სწრაფად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
თუმცა, მისი თქმით, ეკონომიკის გახსნის დროს, მთავრობა გრძელვადიან შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
„უაღრესად მნიშვნელოვანია პირველ რიგში სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ შევძლოთ პირველ რიგში, მუნიციპალური ტრანსპორტის და საკლასო ოთახებში ბავშვების მიყვანა.
ძალიან კარგად მესმის რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სფეროში დაკავებული კომპანიების, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან შედეგზე, და ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში აქვს თითოეულ ადამიანს და ვერავინ ვერავის შეუზღუდავს უფლებას, გამოთქვას თავისი აზრი, ეს მათი უფლებაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ რესტორნებთან და სხვა გასართობ დაწესებულებებთან ერთად ვიფიქტოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გრძელვადიან, მდგრად გახსნაზე. არ უნდა ვიჩქაროთ მოკლევადიანი შედეგების მისაღწევად და არ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ ჩვენი კონკრეტული ინტერესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.