პრემიერი: ეკონომიკის ზრდა შეეხება მოსახლეობას, ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპაციის შემდეგ მთავარი გამოწვევაა ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის სიღარიბე.
“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური ატმოსფერო გავხადოთ პროგნოზირებადი. შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ, რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ ძალიან ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით, შედეგად მივიღეთ ძალიან ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხნები, ასობით ათასმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა, რაც არის ტრაგედია. ოკუპაციის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ეკონომიკური სიდუხჭირე და ჩვენი მოსახლეობის სიღარიბე. შესაბამისად ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკის განვითარება. რაც მთავარია ეს გეგმა, ეს პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, გახსნილი და პროგნოზირებადი. ჩვენ უნდა გავხადოთ გარემო პროგნოზირებადი, რომ ვერავითარმა რყევამ ვერ შეაფერხოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გრძელვადიანი განვითარების ხედვის პირველადი დოკუმენტი მზადაა და მის სრულყოფაში ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, უცხოელი პარტნიორები და დონორები ჩაერთვებიან.
“ჩვენი მთავარი ამოცანა იყო სწორედ გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავება; პირველადი დოკუმენტი მზადაა და ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღიად ჩავრთოთ ამ პროცესში როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დონორები, რათა მომდევნო დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ჩვენ სრულყოფა გავუკეთოთ ამ დოკუმენტს, შევთანხმდეთ, რომ ეს არის ის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ვიმოძრაოთ. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, შეიძლება ამ დოკუმენტის განახლება მოხდეს. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, როგორც მთავრობა, ისე ბიზნესი, რომ ეს არის სწორი გზა, რომ ეს მოუტანს რეალურად ინკლუზიურ ზრდას, რომ ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ჩვენი ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, შეიძლება ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე.