პრემიერი: ბათუმის რესტორნები სავსეა ტურისტებით
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ეკონომიკამ სწრაფი ტემპით დაიწყო აღდგენა.
“თითქმის ყველაფერი გაიხსნა ქვეყანაში და მუშაობს წარმატებით, ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით აღდგენა დაიწყო, გამოცოცხლება, გაჯანსაღება. სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები, ბათუმში თითქმის ყველა ადგილი სავსე იყო - ყველა რესტორანი, ბარი, არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებით, არამედ ტურისტებით. ბათუმი სავსეა და ზოგადად ჩვენი ტურისტული ადგილები“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკის წინსვლა “წყალში ჩაიყრება“, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს და არ აიცრება.
“მინდა მოქალაქეებს თხოვნით მივმართო, ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ ჩვენ ხელახლა შეზღუდვების შემოტანა მოგვიწევს, დაკეტვა და ა.შ. ყველაფერი მოვხსენით, პირბადის ტარების ვალდებულება ქუჩაში, რადგან ეს სიცხეში გაუსაძლისი იყო, მაგრამ ინდივიდუალირი გადასაწყვეტია, თუ ადამიანს სურს, შეუძლია ქუჩაშიც ატაროს ნიღაბი. მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ დახურულ სივრცეებში, გაჩერებებზე, ტრანსპორტშიც სავალდებულოა. ასევე, ე.წ. კომენდანტი მოვხსენით, ღამის საათებში თავისუფლად გადაადგილდებიან ჩვენი მოქალაქეები. ვაქცინები იყო პრობლემა, შევძელით და ჩამოვიტანეთ იმაზე მეტი, ვიდრე იყო საჭირო. 1 მილიონი ვაქცინა უკვე ჩამოვიდა, “ფაიზერის“ მილიონი დოზის შემოტანა უკვე დაიწყო, ყოველ შაბათ-კვირას შემოვა. ასევე ამერიკა საჩუქრად გამოგვცემს ვაქცინას. გუშინწინ შემოვიდა ნახევარი მილიონი დამატებით “სინოვაკი“.
აცრილებში ინფიცირების ალბათობა ძალიან დაბალია, სიკვდილიანობა პრაქტიკულად განულებულია. სიკვდილიანობის სულ რამდენიმე შემთხვევა შეიძლება არსებობდეს მსოფლიოში. ვაქცინა არის ერთადერთი პრაქტიკული დაცვა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ჩვენი ოჯახის წევრების, შვილების. მინდა ჩვენს მოქალაქეებს თხოვნით მივმართო, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. გუშინ 11 000 აცრა ჩავატარეთ, რაც საკმარისი არ არის. ჩვენ თუ დღეში 20 000 აცრაზე არ ავედით, ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესის მართვა. დღეს 2 600 შემთხვევა გვქონდა, ეს არის ძალიან საგანგაშო. ძალიან ცუდი ტენდენციაა. ჩვენ გვინდა ერთის მხრივ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგრესი და მოქალაქეების კეთილდღეობა, გვინდა ყველა იყოს ბედნიერი და გახარებული, მაგრამ მეორეს მხრივ, ერთადერთი მარტივი თხოვნა გვაქვს მთავრობას - აიცერით. ძალიან მარტივია მე მგონი ამის გაკეთება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.