პრემიერი: 99 ქვეყანაში საწვავი უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მსოფლიოს 99 ქვეყანაში საწვავის ფასები უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 170 ქვეყანას შორის 1 ლიტრი საწვავის სიიაფით საქართველო 71-ე ადგილს იკავებს.
"საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის 1 ლიტრი ბენზინის სიიაფით საქართველო 71-ე ადგილზე იყო. 99 ქვეყანაში არის ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში",- აღნიშნა მან.
პრემიერის თქმით, ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ ყველაზე იაფი ბუნებრივი აირი საქართველოში ღირს.
"რაც შეეხება გაზის ფასებს. გაზის ფასები ევროპაში მკვეთრად არის გაზრდილი. 2-3 კვირის წინ $3 900 დოლარს მიაღწია 1000 კუბურ მეტრზე გაზის ფასმა. და ამ დროს თუვინმეს ახსენდება ჩვენ რამდენს ვიხდით ბუნებრივ გაზში. ეს არის სოციალური და კომერციული გაზი. ის კონტრაქტები, რაც მთავრობას აზერბაიჯანთან აქვს გაფორმებული ეს არის ძალიან მიზერული. ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ გაზის ფასებით მესამე ადგილზე ვართ. ყველაზე იაფი მთელ ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ გაზი ჩვენთან არის. ამიტომ გთხოვთ ყველას, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში",- განაცხადა მან.