"პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია"
ფინანსთა მინისტრი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მის ოჯახს უსამძიმრებს. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გმობს ძალადობასა და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.
მინისტრი აქვე დასძენს, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია.
„ცალსახად, დასაგმობია ის ქმედებები, რაც განხორციელდა 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის პირი, ვინც ამაში იყო ჩართული, უმკაცრესად დაისჯება. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ლექსო ლაშქარავას ოჯახს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს. ეს ნამდვილად ძალიან ტრაგიკული შემთხვევა იყო.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკის ზრდაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ საკითხებზე თუნდაც მწვავე პოზიციები არ ფიქსირდებოდეს, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს გარკვეული ჩარჩოები. ეს არ უნდა გადაიზარდოს ქვეყნისთვის ისეთ რისკებში, რამაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად დააზიანოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება“,- განაცხადა ხუციშვილმა.