ეკონომიკა
15/02/2021

ნათია თურნავა წმინდა ექსპორტის ზრდას ელის

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარში როგორც ექსპორტში, ისე იმპორტში 16%-იანი კლებაა.

თუმცა მინისტრი წმინდა ექსპორტის ზრდას ელის.

„გამოქვეყნდა იანვრის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა. როგორც მოსალოდნელი იყო, იანვარში კლებაა, რადგან მესამე ტალღა მძვინვარებს მსოფლიოში და საგარეო ვაჭრობა დამოკიდებულია არა მარტო საქართველოში არსებულ ვითარებაზე, არამედ გარე ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე, რადგან ეს არის ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატი.

დაახლოებით 16%-ით არის კლება როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში. თუმცა, ერთი პოზიტიური ტენდენციაა, რომ სავაჭრო დეფიციტი არის 62 მლნ დოლარით გაუმჯობესებული. ასევე გვაქვს მოლოდინი, როდესაც სტატისტიკის სამსახური დაამუშავებს მონაცემებს, რომ ადგილობრივი წარმოების ექსპორტში გვექნება უფრო მეტად პოზიტიური დინამიკა, ვიდრე ზოგადად ექსპორტში.

შეგახსენებთ, გასული წელი, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკისთვის და საგარეო ვაჭრობისთვის ძალიან მძიმე იყო, ჩვენ ყოველთვის პოზიტიური დინამიკა გვქონდა ადგილობრივი წარმოების საექსპორტო პროდუქციაში, რაც არის ჩვენი დაბალანსებული პოლიტიკის შედეგი, ერთის მხრივ ჩვენ ვზღუდავთ გარკვეულ აქტივობებს იმისთვის, რომ დავიცვათ ეპიდვითარება, მაგრამ მეორეს მხრივ მაქსიმალურად ვამუშავებთ ბიზნესებს, იმისთვის, რომ განხორციელდეს მეტი ექსპორტი,განვითარდეს ქართული წარმოება და მეტი შემოსავალი მიიღოს ქვეყანამ“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

Businesspartner