ნათია თურნავა: საქართველოს ეკონომიკა ინვესტორებისთვის საიმედოა
ჩვენი ეკონომიკა ინვესტორებისთვის კეთილსაიმედოა, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას ამის ინდიკატორად მოჰყავს სარეიტინგო კომპანია S&P-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის BB დონეზე და პერსპექტივის უცვლელად დატოვება.
მინისტრის თქმით, S&P-მა განიხილა და უცვლელად დატოვა საქართველოს სუვერენული რეიტინგი, ასევე უცვლელად დატოვა პერსპექტივა „სტაბილური“ და ეს მაშინ, როცა პანდემიის გლობალური გამოწვევის ფონზე, წლის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანას გაუუარესდა სუვერენული საკრედიტო რეიტინგები, მათ შორის სერბეთს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანას.
„S&P-ის, მანამდე კიდევ ერთი საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის უცვლელად დატოვა იმის ინდიკატორია ინვესტორებისთვის, რომ ჩვენ ძალიან დაბალი, მართვადი რისკები გვაქვს და საქართველოს ეკონომიკა არის გადახდისუნარიანი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი ახორციელებს, არის სწორი, ეფექტური და დაბალანსებული. დაბალანსებული ნიშნავს, რომ ჩვენ ვიპოვეთ სწორი ოქროს შუალედი ანტიპანდემიურ შემზღუდავ ღონისძიებებსა და ეკონომიკის მხარდამჭერ ღონისძიებებს შორის, რაც საკმაოდ რთულია, მაგრამ კარგად გამოგვივიდა. აქედან გამომდინარე, პერსპექტივები არის პოზიტიური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სარეიტინგო კომპანიამ S&P-ი საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დატოვა. სარეიტინგო კომპანიის ანალიტიკოსების აზრით, ქვეყნის ეკონომიკის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას და ინსტიიუციურ სიძლიერეს მიიჩნევს.
სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წელს ეკონომიკური კლება 6% იქნება. კომპანიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2019 წლის დონეს 2022 წელს დაუბრუნდება.