ეკონომიკა
19/07/2021

ნათია თურნავა: პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აზიანებს ეკონომიკურ განვითარებას

ეკონომიკის მინისტრი არ უარყოფს, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს. აქვე, ნათია თურნავას განცხადებით, გმობს ძალადობას და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო ოჯახსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრი ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლების ოპონენტებიც არიან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლები.

ნათია თურნავა მის გუნდს ადამიანის უფლებების დაცვის ერთგულ მთავრობასაც უწოდებს.

„რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. განსაკუთრებით მიუღებელი და დასაგმობია ძალადობა თქვენი კოლეგების მიმართ. ეს სამწუხარო ფაქტია, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან ადეკვატურად და სწრაფად რეაგირებს. მიმდინარეობს მრავალი გამოძიება. ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ამ ძალადობასა და აგრესიაში, წარსდგნენ სასამართლოს წინაშე. ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მიმდინარეობს.

ვიზიარებ და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტიც ადეკვატურად იქნება გამოძიებული. როგორ მოქმედებს პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკაზე? ეს რიტორიკული კითხვაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აზიანებს ეკონომიკურ განვითარებას. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვხედავთ ეკონომიკური გაჯანსაღების ნიშნებს, ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციას. ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ამ პოზიტივს და გავაძლიეროთ ის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ოპოზიციურმა ძალამ იგრძნოს და გაიზიაროს სრული სიმძიმით ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებასთანაა დაკავშირებული. თავი უნდა შეიკაონ ყოველგვარი პროვოკაციებისგან.

ადამიანის უფლებების დაცვის ერთგული მთავრობა ვართ. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით“,- აღნიშნა მინისტრმა.