ნათია თურნავა: ინფლაცია მსოფლიოში იზრდება, მაგრამ ეს ჩვენი მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეულია
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაციის პრობლემა პანდემიამ გამოიწვია.
მისი თქმით, ინფლაციის დონე მსოფლიოში იზრდება, თუმცა ეს საქართველოს მოსახლეობაზე უფრო მტკივნეულად აისახება.
"ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე საუბარს არ გავურბივართ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა. მსოფლიოში ინფლაციის დონე ყველგან იზრდება, თუმცა ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მეტად მტკივნეულია. ამით არის განპირობებული, თუნდაც მეტიკამენტების ფასების დარეგულირება, რაზეც ვმუშაობთ.
რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს არის ელემენტარული სტატისტიკა. 2005-2007 წლებშიც მაღალი ტემპით იზრდებოდა ეკონომიკა, მაგრამ სიღარიბე ლამის 40%-ს აღწევდა. 2018-2020 წლებში, პანდემიის მიუხედავად სიღარიბის დონე იგივე მაჩვენებელი იყო, 19, 20, 21% - რამხელა სხვაობაა ამ მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა გახდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ ზრდის სიკეთე უნდა მოხმარდეს მთლიანად მოსახლეობას. ჩვენი მიზანია, რომ გაზრდილი ეკონომიკიდან მეტი გადასახდი შემოვიდეს და ბიუჯეტიდან მეტი სოციალური თუ ბიზნესპროექტი დაფინანსდეს. რა თქმა უნდა პრობლემები არსებობს, ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ, ამის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.