ეკონომიკა
06/07/2021

ნათია თურნავა: ეკონომიკური ზრდა სიღარიბის დასაძლევად გვჭირდება

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ფიქრობს, რომ წლის ბოლოს სულ მცირე 8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა განულდება.

“ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნება.

2019 წლის ჩათვლით, სანამ ჩვენ დავდგებოდით გლობალური გამოწვევის, პანდემიის წინაშე, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი ხასიათდებოდა საკმაოდ მაღალი დონით, აღმავალი ტენდენციით. ჩვენ რეგიონში, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ლიდერის სტატუსი მოვიპოვეთ. ეს იყო იმის შედეგი, რომ ბიზნესი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის თავისუფალი. ჩვენ ახლა ვავითარებთ კერძო ბიზნესის ინიციატივაზე დამყარებულ ეკონომიკას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროგრამები, რასაც ჩვენ ვახორციელებდით და დღემდე ვახორციელებთ, მცირე ბიზნესის, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის წახალისების მიმართულებით.

თუმცა, ახლა პანდემიის ვარდნის შემდეგ , 2020 წელს - 6.2% გქვონდა ეკონომიკური ვარდნა, ჩვენ კვლავაც დავრჩებით და ვიქნებით რეგიონში ეკონომიკური ტემპების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება გაათმაგებული ძალისხმევა, რომ მივაღწიოთ იგივე ლიდერის სტატუსს. ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. აპრილში უპრეცედენტო ზრდა გვქონდა, ორნიშნა ზრდა მაისში, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ წელს სულ მცირე 8%-იანი ზრდით დავასრულებთ, რაც ნიშნავს, რომ სრულიად გავანულებთ გასული წლის ვარდნას და გადავალთ აბსოლუტურ ზრდაზე. ხოლო შემდეგ, 2025, 2030 წლებში კვლავაც შევინარჩუნებთ საშუალოდ 5%-5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას, რაც ჩვენ განგვიმტკიცებს ეკონომიკური ზრდის რეგიონალური სტატუსს“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდით ქვეყანამ სიღარიბის დაძლევას უნდა მიაღწიოს.

“2012 წლამდე გვქონდა პერიოდები, როდესაც ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის მიუხედავად უკიდურესად მაღალი სიღარიბე იყო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ზრდა იყო მაღალი, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის 40% იყო. ჩვენი ადგილობრივი წარმოების წახალისების პოლიტიკის წყალობით , მცირე ბიზნესის განვითარების შედეგად, რომელიც ყველაზე მეტ სიკეთეს ქმნის ოჯახებისთვის, ცალკეული ადამიანისთვის, მოვახერხეთ და გავანახევრეთ სიღარიბის მაჩვენებელი, 2019 წელს ეს იყო პრაქტიკულად 19%. თუმცა ეს საკმარისი მაჩვენებელი არ არის. იმის ფონზე, როდესაც სრულიად მსოფლიო პანდემიის გამო დამატებით სიღარიბის ზრდის გამოწვევის წინაშე დადგა, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, ჩვენი ამოცანაა, 2025 წლისთვის 15%-ს არ აჭარბებდეს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი, ხოლო 2030 წლისთვის 10% და კიდევ ნაკლები იყოს - ეს იქნება გამარჯვება“,- განაცხადა ნათია თურნავამ უწყების 10 წლიანი გეგმის წარდგენის პრეზენტაციაზე.

მინისტრის განცხადებით, მთავრობა ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას აპირებს ადგილობრივი წარმოების განვითარებით და ექსპორტის ზრდით.