ეკონომიკა
13/02/2021

ნათია თურნავა: ჩვენი საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი მაღალ დონეზე ფასდება

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს გამოქვეყნდა Fitch-ის შეფასება, რომელმაც უცვლელად დატოვა ჩვენი ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე.

„მიუხედავად გლობალური გაურკვევლობისა და პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური კრიზისისა და იმ სირთულეებისა, რაც საქართველოსაც ხვდა წილად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ჩვენი მმართველობის ხარისხი, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და უწყვეტი რეფორმები აძლევთ მათ შესაძლებლობას კვლავ მაღალ დონეზე შეაფასონ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხი, ჩვენი ბიზნესგარემოს მიმზიდველობის ხარისხი და დატოვონ უცვლელი ჩვენი საკრედიტო რეიტინგი. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში სხვადასხვა ქვეყანას დაუქვეითდა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი, რაც გასაგებია, განსაკუთრებით გლობალური პანდემიის ფონზე, საქართველო ამ თვალსაზრისით არის პრაქტიკულად ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანა.

Fitch-ის შეფასებით, ჩვენთან ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი იქნება საშუალოზე მაღალი, კერძოდ, წელს ვარაუდობენ 4,3% ეკონომიკურ ზრდას. ნიშანდობლივია, რომ 2022 წლისთვის Fitch-ის შეფასება უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე ზოგიერთი საერთშორისო ინსტიტუტის და 5,8%-ს, თითქმის 6%-იან ზრდას ვარაუდობენ მომავალ წელს“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გონირვულ, ანტიკრიზისულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ამცირებს ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობას და მგრძნობელობას გარე შოკების მიმართ.

„ეს იმას ნიშნავს, რომ გლობალური ინვესტორები, ვინც პოსტპანდემიურ პერიოდში ეძებენ ახალ ბაზრებს, რადგან თავისი ბიზნესი განავითარონ, საქართველოს ჩათვლიან კვლავაც ერთ-ერთ საიმედო, მშვიდობიან ბაზრად, სადაც ძალიან დიდი ალბათობით გადაწყვეტენ ინვესტიციების განხორციელებას. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი.

ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის ფაქტია, რომელიც აისახება და მოითარგმნება მზარდ ეკონომიკურ აქტივობაში და ახალ ინვესტიციებში“,- განაცხადა ნათია თურნავამ.  

 

Businesspartner