ნათია თურნავა: ამ კვირაში აუქციონზე 150-მდე ლოტს გამოვიტანთ გასაყიდად
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა პროექტის “ 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზესს“ ფარგლებში, დამატებით აუქციონზე 150-მდე ლოტს გამოიტანს.
“ეს არის ძველი ობიექტები და ასევე დამატებული ახალი საინტერესო ობიექტები. აქედანაც ველოდებით, რომ ჯერ ერთი სახელმწიფო ბიუჯეტში შემოვა მნიშვნელოვანი თანხა, მაგრამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საბოლოო ჯამში არ გვექნება არცერთი დაუმუშავებელი მიწა, არ იქნება ძველი, საბჭოთა დროინდელი ნანგრევი შენობა, რომელიც არ იქნება ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართული, არ გვექნება გაჩერებული ძველი, ისტორიის მქონე სახელმწიფო საწარმოები, ყველაფერი იპოვის თავის პატრონს და გადაეცემა კერძო სექტორს, იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2021 წლის პირველი აუქციონების შედეგები გამოაქვეყნა.
პროგრამის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ტიპის ქონება, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები.
სააგენტომ ბიზნეს სექტორს 300 მილიონ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი შესთავაზა, საიდანაც 109 ლოტზე ვაჭრობის შედეგად საწყისი 40 მლნ ლარიდან საბოლოო შედეგმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს, თუმცა ცოტა ხნის წინ მთავრობამ შეთავაზებები გააფართოვა. სააგენტოს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ჯამში პრივატიზებულია 151,878,251 ლარის ღირებულების 224 ერთეული ქონება.