ეკონომიკა
06/12/2021

ნათია თურნავა: 2022 წლის ბიუჯეტი იქნება განვითარების და არა მხოლოდ კოვიდ კრიზისის აღმოფხვრის

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება განვითარებაზე და არა მხოლოდ კოვიდ კრიზისის აღმოფხვრაზე. 

"თუ ვისაუბრებთ მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებზე, ეს არის ორი მსხვილი მიმართულება - განვითარება, რაც ბიზნესის განვითარების პროგრამებით არის წარმოდგენილი, და მეორე, სიღარიბის დაძლევა, რომელიც ჩაშლილია სხვადასხვა სოციალური პროგრამით, ხელფასების და პენსიების მომატებით",- აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი ზრდა. 

"საჯარო მოხელეები არ არიან მხოლოდ კაბინეტებში მოკალათებული ჩინოვნიკები, ეს არის საქართველოს მოქალაქეების დიდი არმია, მათ შორის ჯარი, პოლიცია, ჯანდაცვის სექტორი, მასწავლებლები. რაც შეეხება სპეციალისტებს, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში არიან დასაქმებულები, ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი პრობლემა იქმნება იმ კუთხით, რომ ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, კერძო სექტორი ვითარდება და იქ შემოსავლები იზრდება, აგრეთვე კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები სერიოზულად უსწრებს თავისი მოცულობით, დინამიკით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს. ეს გამოწვევის წინაშე გვაყენებს, მათ შორის კვალიფიციური კადრების გადინების კუთხით. რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში, რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება, დავდგებოდით იმ პრობლემის წინაშე, რომ ხარისხი და ეფექტიანობა დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს პრობლემა რომ არ შეიქმნას, მომავალი წლიდან სისტემურად იწყება მოწესრიგება. უნდა ვისწრაფვოდეთ იმისჯენ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული სპეციალისტები არ იყვნენ უფრო დისკრიმინირებულები და ნაკლებად კონკურენტულ მდგომარეობაში, რადგან ჩვენი ეფექტურობა, მათ მხრებზე დგას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.