ეკონომიკა
09/02/2022

ნამახვანჰესის ჩავარდნილი პროექტი, ანაკლია და კოვიდის სირთულეები - თურნავას მინისტრობის ხარვეზები

დღეს გაჟღერებული სამთავრობო ცვლილებები რეალურად არაფერს შეცვლის – ასე აფასებს "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ცვლილებას.

ბერიკაშვილის თქმით, ნათია თურნავას მოღვაწეობა ბევრ პრობლემურ ამბავს დაემთხვა, მათ შორის, "ნამახვან ჰესის" ჩაგდებულ პროექტს, ანაკლიის პორტს და კორონავირუსისგან გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებს.

"პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს ეკონომიკურ ვარდნაზე, რომელსაც ორნიშნა აღდგენაც მოყვა, კონკრეტულად თურნავას გაკრიტიკება არ იქნება სწორი. უბრალოდ, ზოგჯერ მას ჰქონდა არაადექვატური განცხადებებიც, რაც თვითონაც იცოდა, რომ არ იყო მართალი. 

რაც შეეხება, ლევან დავითაშვილის მოღვაწეობას, არ მგონია, რომ ის ნათია თურნავაზე ძლიერი იქნება, თუმცა არც მასზე სუსტი. თვითონ მინისტრთან არ მაქვს არანაირი პრეტენზიები, თუმცა ეკონომიკურად არ ვეთანხმები სოფლის მეურნეობის ასეთ განვითარებას, მაგრამ ეს მინისტრის პიროვნული ამბავი არ არის. მაგალითად, ის ამბობდა, რომ მუდმივად არ უნდა ყოფილიყო რთველის სუბსიდირება, ის ეკონომისტია და თავადაც იცოდა, რომ არ იყო სწორი, თუმცა ვერ გამოვიდნენ ჩაკეტილი წრიდან და როგორც ხდება ხოლმე პოლიტიკური ნიშნით იღებენ გადაწყვეტილებებს," – აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.

მისივე თქმით, რეალურად ამ „კარუსელით“ მთავრობაში არაფერი შეიცვლება, რადგან სამწუხაროდ, მინისტრები არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები.

"კომპეტენციას და გამოცდილებას არ ვუწუნებ მათ, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, რომ მინისტრები გადაწყვეტილებას თავად იღებდნენ, კონსულტაციების და ექსპერტული წრეების ჩართულობის  შედეგად. არ ვამბობ, რომ მინისტრი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს, თუმცა გადაწყვეტილებების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მიღება აზიანებს მომავალს და ჩვენს ქვეყანას. ვისურვებდი, მეტი რეალური უფლებები ჰქონდეთ მათ," – ამბობს "კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი.

შეგახსენებთ, რომ ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ის მინისტრის პოსტს 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა, მანამდე კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ნათია თურნავას ლევან დავითაშვილი ჩაანაცვლებს. ლევან დავითაშვილი ამ დრომდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის სავარძელს 2017 წლის 15 დეკემბრიდან იკავებდა, ამავდროულად ის 2021 წლის 12 ივლისიდან ვიცე-პრემიერია. 

ასევე ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას ოთარ შამუგია დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო.