მთავრობის პოსტკრიზისული გეგმა ნაწილობრივ უკვე ამოქმედებულია - ნათია თურნავა
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის პოსტკრიზისული გეგმა ნაწილობრივ უკვე ამოქმედებულია. ამის დასტურად ნათია თურნავა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით პროგრამა "აწარმოე საქართველოში" შესულ ცვლილებებზე საუბრობს.
"პოსტკრიზისული გეგმა, პრაქტიკულად უკვე მოქმედებაშია. ჩვენ გააქტიურებულები ვართ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. პანდემიის მიუხედავად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით, მეორე კვარტლის მონაცემები საკმაოდ დამაიმედებელი გვქონდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამას "აწარმოე საქართველოში" აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისების ახალი კომპონენტი, FDI გრანტები. ანუ, ეს ნიშნავს, რომ ის უცხოური კომპანია, რომელიც შემოვა საქართველოში, ან წარმოებას გადმოიტანს, ან ახალ ბიზნესს გახსნის აქ და ჩადებს გარკვეულ ინვესტიციებს და დაასაქმებს 150-მდე ადამიანს, ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ ჩვენი მხრიდან გარკვეულ ხარჯებს გავიზიარებთ. 1 მილიონ ლარამდე ზომის გრანტი მიეცემათ ხარჯების დასაფარად, რომელიც დაკავშირებულია ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების მომზადება-გადამზადებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან",- განმარტა მინისტრმა.