მთავრობას უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ახალი პაკეტი აქვს
ეკონომიკის სამინისტრომ უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით ახალი პაკეტი შეიმუშავა, რომელსაც მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პაკეტი მოიცავს ახალ შეღავათებს, ახალ დამაინტერესებელ ფაქტორებს, როგორც საგადასახადო, ისე არასაგადასახადო კუთხით.
"პაკეტს უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ, რომელიც დამატებით მოტივატორებს სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს, საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. თუმცა, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო კრეატიული და გახსნილი მიდგომა, ინვესტორების საჭიროებებზე მორგებული - ანუ, შესაძლოა, ინვესტორს დასჭირდეს და ამ კონკრეტულ პაკეტში გათვალისწინებული ვერ იყოს, ეს იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიციები მართლაც მასშტაბურია. უნდა განვსაზღვროთ, რა არის მასშტაბური და რამხელა დასაქმებას ითვალისწინებს",- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება დაგეგმილ ელექტრობატარეების წარმოებას საქართველოში, ამასთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ ინვესტორებთან შეხვედრები იგეგმება.
"ელექტრომობილების წარმოება საკმაოდ სასურველი პროექტია, მაგრამ საკმაოდ რთული. პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა. ჩვენთვის ისეთი სახის სამრეწველო ინვესტიციები, რომელმაც შეიძლება ბევრი ადამიანი დაასაქმოს და ვაწარმოოთ პროდუქტი, რომლითაც მეტი საექსპორტო შემოსავალი მიიღოს ქვეყანამ, არის ძალიან პრიორიტეტული.
მინიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა და სამრეწველო საწარმოების ხელშეწყობა. მათ შორის ვგულისხმობ უცხოურ ინვესტიციებს. თუ მოხერხდა და იქნება დაინტერესება ინვესტორის მხრიდან, ასეთი ბატარეების წარმოების, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ.
ამ კვირის განმავლობაში შეხვედრები გვექნება ელექტრო ავტომობილების მწარმოებლებთან, ველოდებით პოტენციურ ინვესტორებს.მათ შორის განვიხილავთ ელექტრობატარეების წარმოების შესაძლებლობას",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.