მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტს და ვალის მოცულობას ამცირებს - ცვლილება 2022 წლის ბიუჯეტში
მთავრობა ბიუჯეტის დეფიციტს და ვალის მოცულობას ამცირებს. ცვლილება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შევა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის ვალი 51%-ის ოდენობით განისაზღვრა, ცვლილების თანახმად კი, ეს მაჩვენებელი 40%-მდე შემცირდება. ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა კი, 4.4%-დან 3.2%-მდე შემცირდება.
"მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების მომზადება. ეს ცვლილებები ორიენტირებულია ძირითადად 2 მიზნის მიღწევაზე - ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის ვალის შემცირება.
ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4.4%-იანი დეფიციტით, ხოლო მთავრობის ვალის 51% -იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მლნ ლარით ნაკლებ ვალს. წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ს 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა. ამასთან ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ს 4.4 %-დან მცირდება 3.2%-მდე.
დეფიციტის და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით - პოლიცია, ჯარი, ინფრასრტქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.