ეკონომიკა
08/12/2020

მთავარ სავაჭრო ქუჩებზე ბევრი ობიექტი იხურება - “ფროფერთი ჯორჯია“

კომერციულ ფართებზე შემცირებული მოთხოვნა განსაკუთრებით რთულ ვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აყენებს. როგორც აღმოჩნდა, შედარებით მსხვილი ბიზნესი არსებულ გამოწვევებს უფრო მოერგო. „ფროფერთი ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ლიკა ქარდავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში ეს ტენდენცია ქვეყნის ეკონომიკაზე საკმაოდ უარყოფითად აისახება.

„კომერციული ფართები უძრავი ქონების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ქვესექტორია. მასზე კორონავირუსის პანდემიამ საკმაოდ ნეგატიური ასახვა ჰპოვა. მთავარ სავაჭრო ქუჩებზე ძალიან ბევრი სავაჭრო ობიექტი იხურება. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მთავარ სავარო ქუჩებს შეეხო. ორი პარამეტრით შეიძლება შევაფასოთ. ერთი არის ვაკანტურობის საზომი, მეორე კი საიჯარო ფასის საზომი. ძირითად სავაჭრო პროსპექტებზე, როგორებიც არის პეკინი, რუსთაველი, აღმაშენებელი, ზოგ შემთხვევაში ეს ვაკანტურობა გაორმაგებული, ან გასამმაგებულია.ახალი შეზღუდვების პირობებში კიდევ უფრო მოიმატა ამ ტენდენციამ.

კომერციულ ფართებზე მოთხოვნა მკვეთრად არის შემცირებული. ასევე, გარკვეულწილად შეინიშნება რელოკაციის ტენდენცია. მსხვილი კომპანიებისთვის უფრო ადვილია უძრავი ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებები და გარკვეულ კომპრიმისებზე წასვლა. მესაკუთრეები ცდილობენ, რომ არსებულ რეალობას მოერგონ და გარკვეუწილად შეღავათები გაუწიონ საიჯარო ფასებზე. რაც შეეხება შედარებით მცირე ზომისა და წვრილ ბიზნესებს, ისინი გაცილებით რთულ პირობებში არიან. ბევრი მათგანი გადის საიჯარო ხელშეკრულებიდან, ან გადადის გარეუბნებში, რაც რა თქმა უნდა, ასევე არ არის მარტივი პროცესი და ბიზნესებისგან დამატებითი რესურსების გაღებას მოითხოვს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უარყოფით ასახვას ჰპოვებს ეკონომიკაზე. შემცირებულია დასაქმება, კომპანიებს ლიკვიდობასთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა აქვთ. ეკონომიკაში ბიზნესების მხრიდან შეტანილი კონტრიბუცია მცირდება“,- განმარტავს ლიკა ქარდავა.