ფოტო: agri-pulse
ეკონომიკა
16/03/2022

"მოიძიეთ ახალი და უფრო დივერსიფიცირებული მომწოდებლები" - FAO-ს რეკომენდაციები

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გლობალური სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ახალ საფრთხეებს ხედავს

ორგანიზაციის გენერალური დირექტორის კუ დონჟუ ქვეყნებს რეკომენდაციებით მიმართავს. 

საკვებისა და სასუქის გლობალური ვაჭრობის ღიაობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს წარმოებისა და საბაზრო აქტივობების დასაცავად, რათა შიდა და გლობალური მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. მიწოდების ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს, რაც გულისხმობს მოსავლის, საქონლის, სასურსათო ინფრასტრუქტურისა და ყველა ლოგისტიკური სისტემის დაცვას.

ახალი და უფრო დივერსიფიცირებული მომწოდებლების მოძებნა. შოკის აღმოსაფხვრელად, უკრაინასა და რუსეთიდან სურსათის იმპორტზე დამოკიდებულმა ქვეყნებმა ალტერნატიული მომწოდებლები უნდა მონახონ. ასევე, სურსათის არსებული მარაგების შიდა მოხმარებისთვის დივერსიფიკაცია დაგეგმონ, რადგან ხალხს ჯანსაღ საკვებზე ჰქონდეს წვდომა.

მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა. მოწყვლადი ხალხის დასაცავად მთავრობებმა სოციალური უსაფრთხოების ქსელები უნდა გააფართოვონ. საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა შევიდნენ უკრაინაში, რათა გასაჭირში მყოფ ხალხს დაეხმარონ. კონფლიქტი მსოფლიოში ბევრად მეტ ხალხს უბიძგებს სიღარიბისკენ და შიმშილისკენ. ჩვენ დროულად უნდა დავგეგმოთ სწორად ტარგეტირებული სოციალური დაცვის პროგრამები.

თავიდან ავიცილოთ დაუგეგმავი რეაქციები. ვიდრე სურსათის მარაგის უსაფრთხოებისთვის რაიმე ზომებს მიიღებენ, მთავრობებმა უნდა იფიქრონ საერთაშორისო მარკეტებზე მათ პოტენციურ გავლენაზეც. შესაძლოა, საიმპორტო ტარიფის შემცირებამ და საექსპორტო აკრძალვებმა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ცალკეული ქვეყნის სურსათის უსაფრთხოების გამოწვევები მოაგვაროს, მაგრამ გლობალურ ბაზარზე ფასები გაზარდოს.

საბაზრო გამჭვირვალობის და დიალოგის გაძლიერება. როცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარი არასტაბილურია, გლობალური მარკეტის და მის შესახებ ინფორმაციის მეტი გამჭვირვალობა მთავრობებსა და ინვესტორებს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა G-20-ის სასოფლო-სამეურნეო ბაზრის საინფორმაციო სისტემა (AMIS), ობიექტური და დროული საბაზრო შეფასებებით, ამგვარი გამჭვირვალობის გაზრდას ხელს უწყობს.