რუსეთ-უკრაინის ომი და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების რისკები
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გლობალური სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ახალ საფრთხეებს ხედავს. პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა COVID-ის ფონზე.
FAO-ს მიმოხილვის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, უკრაინა - სიდიდით მეხუთე. ორივე ქვეყანა მსოფლიოს ქერის მარაგის 19%-ს, ხორბლის 14%-ს და სიმინდის 4%-ს აწვდის. ეს მსოფლიოში მარცვლეულის ექსპორტის ერთ მესამედზე მეტია. ისინი არიან რაფსის ზეთის მთავარი მომწოდებლებიც და მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის საექსპორტო ბაზრის 52%-ს ავსებენ. სასუქის გლობალურ მომარაგებაშიც წამყვანი მწარმოებელი რუსეთია.
FAO-ში მიიჩნევენ, რომ მარცვლეულისა და ზეთის მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის შეფერხებები, ასევე, რუსეთიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, მსოფლიო სურსათის უსაფრთხოების სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის.
"ეს განსაკუთრებით აისახება იმ ორმოცდაათამდე ქვეყანაზე, რომელთა ხორბლის მარაგის 30%, ან მეტი, რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული. ამ ქვეყნების დიდი ნაწილი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებსაც დაბალი შემოსავალი და სურსათის დეფიციტი აქვთ ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ბევრი ევროპული და ცენტრალური აზიის ქვეყანა სასუქის მარაგის 50%-ს რუსეთისგან ივსებს და ამ მხრივ დეფიციტი, შეიძლება, შემდეგ წლამდე გაგრძლდეს", - განმარტავს ნათქვამია FAO-ს გენერალური დირექტორის კუ დონჟუს გავრცელებულ წერილში.
FAO სურსათზე ფასები 2020 წლის მეორე ნახევრიდან მუდმივად მზარდ ფასებზეც მიათითებს და აღნიშნავს, რომ 2022 წლის თებერვალში ყველა დროის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მიზეზები მაღალი მოთხოვნა, წარმოების შუალედური ხარჯები, ტრანსპორტირების ხარჯი და საპორტო შეფერხებებია.
იქედან გამომდინარე, რომ ამ დროისთვის მიმდინარე კონფლიქტის ინტენსიურობა და ხანგრძლივობა უცნობია, ამ ორი დიდი ექსპორტიორი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო აქტივობები კი სავარაუდოდ შეფერხდება, შესაძლოა მსოფლიოს სურსათით მომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მთავარ რისკფაქტორებზე.
მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება ივნისში დაიწყება. გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა უკრაინელი ფერმერები სამუშაოების შესრულებას და ბაზრებისთვის მოსავლის მიწოდებას. მოსახლეობის მასობრივმა გადაადგილებამ სასოფლო-სამეურნეო სფეროში მომუშავეთა რიცხვი შეამცირა. რთული იქნება სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომა. ასევე, შეზღუდული იქნება საქონლისა და შინაური ფრინველის მოვლა, ხილისა და ბოსტნეულის წარმოება.
შავ ზღვაზე უკრაინული პორტები დაიხურა. სახმელეთო ტრანსპორტი ხელშეუხებელიც რომ დარჩეს, შეუძლებელია მარცვლეულის სარკინიგზო გზით გადაზიდვა - საკმარისი, მოქმედი სარკინიგზო სისტემა არ არსებობს. გემებს ჯერ კიდევ შეუძლიათ კრიტიკულ სავაჭრო წერტილში, თურქეთის სრუტეებში ტრანზიტი, საიდანაც დიდი რაოდენობით ხორბალი და სიმინდი გადის. შავი ზღვის რეგიონში სადაზღვევო ხარჯის ზრდა გადაზიდვის ისედაც მაღალ ფასსა და საკვების იმპორტის ფასებს კვლავ გაზრდის. უცნობია, ხელშეუხებელი და ოპერირებადი დარჩება თუ არა საწყობები და გადამამუშავებელი მოწყობილობები.
ამ დროისთვის, შავ ზღვაზე რუსული პორტები ღიაა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე განსაკუთრებული შეფერხებები ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის. თუმცა, რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურმა სანქციებმა შესაძლოა შეზღუდოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება და ზრდა, რაც, საბოლოოდ, კიდევ უფრო გაზრდის ფასებს.
რუსეთი გლობალურ ენერგობაზარზე ლიდერი მოთამაშეა. მის ხარჯზეა გლობალური ქვანახშირის ექსპორტის 18%, ნავთობის 11% და გაზის 10%.
სოფლის მეურნეობას სჭირდება საწვავი, გაზი, ელექტროენერგია, სასუქი, პესტიციდები. ენერგია საჭიროა საკვები ინგრედიენტებისა და პროდუქტებისთვისაც. მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეულმა ენერგოპროდუქტების ფასების ზრდის ტალღამ უარყოფითად იმოქმედა სასოფლო-სამეურნეო სექტორზეც.
მსოფლიოს მოსახლეობის 35%-თვის ხორბალი მთავარი საკვებია. მიმდინარე კონფლიქტმა შეიძლება სწრაფად და მკვეთრად შეამციროს რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ამ ხარვეზის შევსებას ექსპორტიორები. ხორბლის მარაგი უკვე მცირდება კანადაში, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები, არგენტინა და სხვა ქვეყნები, ალბათ, ექსპორტს შეზღუდავენ, რადგან შიდა მოხმარება იქნება უზრუნველსაყოფი.
"ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნები გლობალური მიწოდების საზრუნავი გახდება. ეგვიპტე, თურქეთი, ბანგლადეში და ირანი მსოფლიოში ხორბლის მოწინავე იმპორტიორები არიან და რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის 60%-ს ყიდულობენ. ლიბანის, ტუნისის, იემენის, ლიბიის და პაკისტანის ხორბლის მარაგიც ამ ორ ქვეყანაზე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია. სავარაუდოდ, შემცირდება ვაჭრობა სიმინდზეც, რადგან ფასები გაიზრდება, ასევე, ჯერჯერობით არ მოელიან უკრაინიდან სიმინდის ექსპორტის დანაკლისის რაიმეთი შევსებას.
გაურკვეველია მზესუმზირის ზეთისა და სხვა ზეთების ექსპორტის ბედი. მზესუმზირის ზეთის მთავარმა იმპორტიორებმა, მათ შორის, ინდოეთმა, ევროკავშირმა, ჩინეთმა, ირანმა და თურქეთმა ან სხვა მომწოდებელი უნდა მონახონ, ან ის სხვა მცენარეული ზეთით ჩაანაცვლონ, რასაც ასევე გავლენა ექნება მაგალითად, პალმის, სოიოს და რაფსის ზეთზე", - ნათქვამია კუ დონჟუს წერილში.