ეკონომიკა
03/12/2020

“მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი სჯობს, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია“

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარება, რომელსაც სავაჭრო ობიექტებში დასაქმებული ადამიანები შეზღუდვების გამო მიიღებენ, საკმარისი არ არის, თუმცა, ქვეყნის ბიუჯეტს ამაზე მეტი შესაძლებლობა არ აქვს.

"300 ლარიანი დახმარება არ არის საკმარისი. 300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, თუმცა, ეს არის ის, რაც ჩვენ ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია, რომ გავწიოთ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება. ის დროებითია და ადამიანები კვლავ შეძლებენ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას. იმდენად აქტიურად ითხოვს ვაჭრობის სექტორი, რომ მალე გაგვხსნათ, მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ეს სამუშაო ადგილები აღდგება, თუ არა. რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ, ისინი იმას ითხივენ, რომ გავხსნათ რომ იმუშაონ.

სანამ ჩვენ ამ შეზღუდვის განხორციელება გვიწევს, ეს ადამიანები ისარგებლებენ 300 ლარით. მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი სჯობს, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია. უზარმაზარი თანხები იხარჯება ანტი-პანდემიური მიმართულებით",- განაცხადა თურნავამ.