მარიამ ქვრივიშვილი: კომენდანტის საათის გადაწევა ეკონომიკურ სარგებელს მოგვცემს
დეპუტატის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ზამთრის კურორტებზე სასტუმროებთან ერთად საბაგიროებიც უნდა გაიხსნას.
მისი თქმით, საბაგიროებზე სპეციფიკიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე კოვიდის გადადების რისკი ნაკლებია.
„თუ ვსაუბრობთ ზამთრის კურორტებზე, განვიხილოთ ერთიანი ფორმით, არა მხოლოდ სასტუმროების, არამედ საბაგიროების ამოქმედებით, რადგან კერძო სექტორს ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, სრულფასოვნად, თუნდაც მოკლე ვადით მაინც უმასპინძლოს შიდა და თუნდაც ცოტა საერთაშორისო სტუმარს. საბაგიროების კონტექსტში განვმარტავ, რომ უფრო ნაკლები რისკია თავისი სპეციფიკიდან და აღჭურვილობიდან გამომდინარე, რაც მოთხილამურეებს სჭირდებათ. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, თუნდაც მკაცრი რეგულაციებით, შევძლოთ აღსრულება და მონიტორინგი“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.
მან მინისტრობის კანდიდატებს მიმართა, რომ რესტორნებს შესაძლებლობა მიეცეთ, თუნდაც მკაცრი რეგულაციებით შიდა სივრცეში უმასპინძლონ სტუმრებს.
„რესტორნები ძალიან დაზარალდნენ. მისასალმებელია, რომ გარე სივრცეში შესაძლებელია სტუმრებს უმასპინძლონ, თუმცა გვესმის, რთულია და მათ ძალიან სჭირდებათ შიდა სივრცის გახსნა, თუნდაც მკაცრი რეგულაციებით, რომ უმასპინძლონ სტუმრებს. აქვე მნიშვნელოვანია და მისასალმებელია მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აქვს კერძო სექტორთან და ასევე ის რეგულაციები, რომლებიც პირველი თებერვლიდან ამოქმედდა ტურისტების მიღების კუთხით“,- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია კომენდატის საათის, 1-2 საათით გადაწევა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ამოქმედება.
„ამ ყველაფერთან ბმაშია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და კომენდანტის საათი. რა თქმა უნდა, თხოვნა არ ეხება სრულებით გაუქმებას, ჩვენ გვესმის რისკები. მისი 1 ან 2 საათით გადაწევა კერძო სექტორს და თითოეულ რეგიონს, სოფელს შესაძლებლობას მისცემს, შიდა თუ საერთაშორისო ტურიზმის ეკონომიკური სარგებელი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქალაქზე, არამედ საქართველოს მასშტაბით განვავრცოთ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.