ეკონომიკა
07/03/2022

მაღალი გაურკვევლობის ფონზე, TBC Capital-ი წელს ეკონომიკის 3.5-4%-იან ზრდას ელის

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტი განახლებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, უკრაინაში ტრაგიკული მოვლენების განვითარება გრძელდება და წინა პუბლიკაციაში განხილული სწრაფი გადაწყვეტის სცენარი არ ვითარდება.

ასევე, ასეთ ემოციურ ფონზე ეკონომიკური სცენარების განხილვა საკმაოდ რთულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ისეთი მკაცრი მაინც არაა, როგორც ეს TBC Capital-ის გადავადებული გადაწყვეტის სცენარით იყო დაშვებული.

საკუთრივ, გრძელდება ენერგორესურსების ექსპორტი, უფრო მაღალი ფასებით და ასევე საგადახდო სისტემების მხრივ შეფერხება მხოლოდ ნაწილობრივია. ამდენად, საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენაც შედარებით ნაკლებია.

ამასთან, არ იკვეთება მნიშვნელოვანი შეფერხება რუბლში გადარიცხვებში და ასევე, რუბლი კონვერტირებადია. უფრო მეტიც, შესაძლოა რუბლის გაუფასურებამ უკვე მიაღწია თავის მაქსიმუმს, რადგანაც მთლიანობაში დაწესებული სანქციები და რუსეთის ხელისუფლების მიერ შემოღებული შეზღუდვები ნეგატიურად უფრო რუსეთიდან ვალუტის გადინებაზე მოქმედებს, ვიდრე მის მიღებაზე.

პუბლიკაციის მიხედვით, სავარაუდოა, რომ რუსეთის მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი სალდო კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რადგანაც საქონლის ექსპორტის შემცირების მოლოდინი არ არის და ამავდროულად, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების კლებაა მოსალოდნელი. ასევე ნაკლები იქნება რუსეთიდან კაპიტალის გადინებაც, რაც შემოდინებას ყოველთვის აჭარბებდა.

ამდენად, მართალია გაურკვევლობა კვლავ მაღალია, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უფრო პირველი სცენარით გათვალისწინებულ 3.5-4.0%-თან არის ახლოს, ვიდრე მეორე სცენარში არსებულ ნეგატიურ 1.5% - პოზიტიურ 0.5%-ის მაჩვენებლებთან. ამ შეფასებას ასევე აძლიერებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე პერიოდში საქართველოში არარეზიდენტების ჩამოსვლის, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან, მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდება.

TBC Capital-ის სადღეისოდ არსებული შეფასებით, წლიურ ჭრილში ეს დაახლოებით $100 მლნ ან მეტი დამატებითი სავალუტო შემოდინების ტოლფასია.

რაც შეეხება, ტურიზმისა და უძრავი ქონების ბაზარს, უფრო დეტალური მიმოხილვა TBC Capital-ის სექტორულ კვლევებში იქნება ხელმისაწვდომი. ასევე აღსანიშნავია, რომ საუბარია საქართველოს გავლით ტვირთბრუნვის შესაძლო ზრდაზე, რადგანაც ჩრდილოეთის მარშრუტი უფრო რისკიანი გახდა. ეკონომიკის ფაქტობრივი ზრდის მხრივ, ჯერჯერობით მხოლოდ იანვრის მაჩვენებელია ხელმისაწვდომი, რომლის მიხედვითაც ზრდა როგორც წლიურ ჭრილში, ასევე პანდემიის ეფექტის გამორიცხვითაც მოსალოდნელზე მაღალი იყო.– ნათქვამია მთავარი ეკონომისტის ანგარიშში.