ლაშა ხუციშვილი: სამუშაო ადგილების აღდგენის პროცესი გააქტიურებულია
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2021 წელს ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება, აგრეთვე გააქტიურებულია სამუშაო ადგილების არდგენის პროცესი.
მისი თქმით, როდესაც მთავრობაში საუბრობენ, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, ეს არის არა მხოლოდ მათი, არამედ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასება.
"უნდა გავითვალისწინოთ, რა არის საწყისი წერტილი - ეს არის პანდემია და აქედან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ბუნებრივია აისახა როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, ისე საქართველოზე. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაწყებულია და მიდის საკმაოდ სწრაფად, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასება ყველა დონეზე. მეორეს მხრივ, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ აღდგენაზე, გვაქვს მოცემულობა, რომ 2.6%-ით უფრო მაღალია ეკონმიკა, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ბუნებრივია, არაპანდემიურ სიტუაციაში 2 წლის განმავლობაში 2.6%-იანი ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დაბალი. თუმცა, იმ მოცემულობაში როდესაც ჩვენ გვქონდა პანდემია და პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, 10.5% ეკონომიკური ზრდა ძალიან კარგი მაჩვენებელია და ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.