ეკონომიკა
10/01/2022

ლაშა ხუციშვილი: ინფლაცია შემცირებას პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყებს

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ინფლაცია პირველი კვარტლის ბოლოს შემცირებას დაიწყებს და წლის დასასრულს მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება. 

"როგორც კოვიდთან მიმართებაში ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული, როდესაც მსოფლიოში კოვიდის შემთხვევები იმატებს ეს აისახება საქართველოზეც, ანალოგიურად ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებაში გამონაკლისი საქართველო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია. ინფლაციის ისტორიულ მაქსიმუმებს ვხედავთ ჩვენ სავაჭრო პარტნიორებთან და მსოფლიოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ის ღონისძიებები, რომელიც ტარდება ფისკალურ ნაწილში, რომელიც არის დეფიციტის მკვეთრი შემცირების მიმართულებით, ასევე ეროვნული ბანკის მხირდან პოლიტიკის გამკაცრების მიმართულებით, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ეს არ გადაიზრდება გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებში. ინფლაცია დაიწყებს შემცირებას პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობირივი მაჩვენებლისგან", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.  

2021 წელი მაღალი, ორნიშნულიანი ინფლაციით დასრულდა. საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ით განისაზღვრა, წინა თვესთან შედარებით კი ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3% შეადგინა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "რეკორდულ ინფლაციაზე" პოსტი გამოაქვეყნა. კობა გვენეტაძე განმარტავდა, რომ ინფლაციის სტატისტიკას ხშირად არასწორად წარმოადგენენ და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ. "დეკემბერში დაფიქსირებული ინფლაცია ქვეყანაში ისტორიულად მაღალი არ ყოფილა, 2011 წლის მაისში წლიური ინფლაცია იმაზე მაღალი იყო, ვიდრე 2021 წლის დეკემბერში", - განმარტავდა სებ-ის პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, რომ ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია.