ქვეყნის საგარეო ვალი $7.998 მლრდ-ია
საგარეო ვალის რამდენიმე თვიანი შემცირების შემდეგ ოქტომბერში კვლავინდებურად ზრდაა.
სექტემბერთან შედარებით ქვეყნის საგარეო ვალდებულებები 22 მლნ დოლარით არის გაზრდილი და 1-ლი ნოემბრისთვის 7.998 მლრდ დოლარს აღწევს.
რაც შეეხება წლიურ დინამიკას, ქვეყნის საგარეო ვალი, კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა, მაჩვენებელი გაზრდილია $1 მლრდ-ზე მეტად, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია, აგვისტოში მაჩვენებელი 1.4 მლრდ-იან მატებას აჩვენებდა, აპრილში კი მაჩვენებელი $2,315 მლრდ-ით იყო მომატებული.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2022-2025 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა. დოკუმენტის შექმნისკენ სამინისტროს Covid-პანდემიამ უბიძგა, რამდენადაც მთავრობის ვალის მართვა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა.
ორკვირიანი საჯარო განხილვის შემდეგ, დოკუმენტი წარედგინება მთავრობას და გამოქვეყნდება მისი საბოლოო ვერსია, თუმცა როგორც დოკუმენტშია მითითებული სტრატეგია მიზნად ისახავს ვალის პორტფელის გაჯანსაღებასა და ფისკალურ კონსოლიდაციას. გაწერილია სესხის აღების ძირითადი პრინციპებიც, რომლის მიხედვით საინვესტიციო სესხების აღება მოხდება მხოლოდ დიდი და კომპლექსური
პროექტებისთვის. დოკუმენტში სესხის პირობებთან დაკავშირებით წერია, რომ რეფინანსირების რისკის სამართავად მნიშვნელოვანია პორტფელის საშუალო შეწონილი ვადიანობის მაქსიმიზაცია და ერთ წელში დასაფარი ვალის სიდიდის კონტროლი მთლიან პორტფელთან მიმართებაში, რათა მოხდეს მთავრობის ვალის დაფარვის გრაფიკზე პიკების შექმნის თავიდან არიდება.