ფინანსები
15/11/2021

სესხის პირობების შერჩევისას რას გაითვალისწინებს მთავრობა - ვალის მართვის სტრატეგია

საგარეო სესხის აღებისას მთავრობა სხვადასხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს გაითვალისწინებს. ამის შესახებ 2022-2025 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის ახალ სტრატეგიაში წერია, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს. 

რეფინანსირების რისკი

დოკუმენტში წერია, რომ რეფინანსირების რისკის სამართავად მნიშვნელოვანია პორტფელის საშუალო შეწონილი ვადიანობის მაქსიმიზაცია და ერთ წელში დასაფარი ვალის სიდიდის კონტროლი მთლიან პორტფელთან მიმართებაში, რათა მოხდეს მთავრობის ვალის დაფარვის გრაფიკზე პიკების შექმნის თავიდან არიდება. შესაბამისად, აღნიშნული რისკის სამართავად, მნიშვნელოვანია რომ:

• მთავრობის მთლიანი ვალის პორტფელის საშუალო შეწონილი ვადიანობა არ ჩამოცდეს 5.5 წელს, ხოლო საშინაო ვალის პორტფელისთვის აღნიშნული მაჩვენებელი შენარჩუნდეს 3 წელზე ზევით;
• ერთ წელიწადში დასაფარი ვალის ნაწილი არ აღემატებოდეს მთლიანი ვალის
პორტფელის 15.0%-ს.

"აღნიშნული მიმართულება საგარეო სესხების ნაწილში გულისხმობს სესხის
პირობების შერჩევისას სესხზე გასაწევი ხარჯების და მასთან დაკავშირებული
რისკების ოპტიმალური დონის მიღწევას", - აღნიშნულია დოკუმენტში. 

ძირითადი ფაქტორები, რომელთაც სესხის პირობების შერჩევისას ყურადღება მიექცევა:

გრანტის კომპონენტი.

გრანტის კომპონენტი წარმოადგენს განვითარების პარტნიორებისგან შეღავათიანი პირობებით მისაღებ სესხსა და საბაზრო პირობებით ალტერნატიულ სესხზე მომსახურების მიმდინარე ღირებულებებს შორის სხვაობას. რაც უფრო მაღალია გრანტის კომპონენტი მით უფრო შეღავათიანია სესხი. სესხის პირობების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება მაღალი გრანტის კომპონენტის მქონე ვარიანტს, რაც უმეტეს შემთხვევაში ვადიანობის და შეღავათიანი პერიოდის მაქსიმალური მაჩვენებლის შერჩევით მიიღწევა;

სესხის ვალუტა.

მთავრობის ვალის პორტფელის ძირითად ვალუტებთან ლარის გაცვლითი კურსის დინამიკის გრძელვადიანი ანალიზი აჩვენებს, რომ ლარი ევროსთან ნაკლები მერყეობით ხასიათდება. ამავდროულად, ევროზონასთან მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების პროცესიდან გამომდინარე, საგარეო ვალის პორტფელში ევროს სესხების წილის ზრდა ამცირებს სავალუტო რისკს. შესაბამისად, სესხის ვალუტის შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ევროში დენომინირებულ სესხებს;

საპროცენტო განაკვეთის ტიპი.

ფიქსირებულ და ცვლად საპროცენტო განაკვეთებს შორის არჩევანი ხარჯისა და რეფინანსირების რისკის მინიმიზაციის დილემის გადაწყვეტას გულისხმობს. საპროცენტო განაკვეთის რისკის მართვის მიზნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საგარეო ვალის პორტფელში ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე ვალის წილი არ ჩამოცდეს 50%-ს. შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში, სესხის აღებისას ორიენტაცია გაკეთდება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებზე, რის განმაპირობებელ ფაქტორსაც არსებული ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთები წარმოადგენს.