მთავრობა ვალს მხოლოდ დიდი პროექტებისთვის აიღებს - ახალი სტრატეგია
მთავრობა საგარეო ვალის აღების სტრატეგიას ცვლის. ფინანსთა სამინისტრო 2022-2025 წლებისთვის მთავრობის ვალის მართვის ახალ სტრატეგიას აქვეყნებს.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაგან და ორმხრივი განვითარების პარტნიორებისაგან საქართველო იღებს ორი სახის სესხებს: პირველი, საინვესტიციო
პროექტებზე მიბმული სესხები და მეორე, პროგრამული ანუ რეფორმის
დასაფინანსებლად აღებული საბიუჯეტო სესხები.
"პორტფელში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების მაღალი წილის გამო და ვალის ლარიზაციის მიზნიდან გამომდინარე, აღნიშნული მიმართულებით ვალის
მართვის სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს ფოკუსირება მხოლოდ მაღალი
ტრასფორმაციული ეფექტის მქონე სესხებზე. მიუხედავად ამ მიდგომისა, საშუალოვადიან პერიოდში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხები მთლიანი დაფინანსების საჭიროების დაფარვის მნიშვნელოვან წყაროდ დარჩება", - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტის მიხედვით, სესხის აღება მოხდება შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:
საინვესტიციო სესხებისათვის:
საინვესტიციო სესხების აღება მოხდება მხოლოდ დიდი და კომპლექსური
პროექტებისთვის.
ეს არის პროექტები, რომლის ფარგლებშიც სამუშაოების მაღალი სტანდარტით შესასრულებლად საჭიროა პროექტის განხორციელებაში განვითარების პარტნიორების მხარდაჭერა, და რომელთაც თან ახლავს ექსპერტიზა და ცოდნის გაზიარება. საინვესტიციო სესხის აღების მთავარი სარგებელი არის არა მხოლოდ ფინანსური რესურსის მოზიდვა, არამედ ის მხარდაჭერა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პროექტის შესაბამისი სტანდარტებით განხორციელებას. შესაბამისად, მთავრობა არ აიღებს (არ გააკეთებს ახალ განაცხადს) საინვესტიციო სესხს იმ პროექტებისათვის,
რომელთა განხორციელებაც იმავე წარმატებით და ეფექტიანობით არის შესაძლებელი ბიუჯეტის საკუთარი რესურსების გამოყენებით;
აუცილებელი იქნება, თითოეული საინვესტიციო სესხის ფარგლებში ყოველი პროექტისათვის არსებობდეს მისი ეფექტიანობის შესახებ დადებითი შეფასება.
საინვესტიციო სესხის აღების ინიცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პროექტებთან მიმართებაში, რომლებსაც სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის (PIM) მიხედვით გავლილი აქვთ წინასწარი შერჩევის ეტაპი და მიღებული აქვთ უწყებათაშორისი კომისიის დადებითი გადაწყვეტილება. შესაბამისად აუცილებელი წინაპირობაა, რომ საინვესტიციო სესხის ინიცირებისათვის სესხის ბენეფიციარ სამინისტროს ან მუნიციპალიტეტს ჰქონდეს დანერგილი სახელმწიფო ინვესტიციების მართვის სისტემა თავის უწყებაში. ამასთან ისეთ საინვესტიციო პროექტებთან მიმართებაში, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო ინვესტიციების მეთოდოლოგიით განსაზღვრული წესით განხილვას, შერჩევას გაივლიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალურ საბჭოსთან.
სახელმწიფო საწარმოებზე გადასესხება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საწარმო გამოხატავს რეფორმირებისადმი მზაობას.
რეფორმის მინიმალური სტანდარტის დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო საწარმო უნდა: ა) ნერგავდეს კორპორაციული მმართველობის პრაქტიკას მთავრობის მიერ დამტკიცებული OECD სტანდარტის შესაბამისი კორპორაციული მართვის კოდექსის მიხედვით და ბ) ახორციელებდეს სახელმწიფო საწარმოს რეფორმას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სტანდარტის მიხედვით;
სრულად კორპორატიზებული საწარმოებისათვის მთავრობა შეწყვეტს გადასესხების პრაქტიკას.
ამით, მთავრობა წაახალისებს კომპანიებს გავიდნენ კერძო კაპიტალის ბაზარზე და დამოუკიდებლად მოპოვებული რესურსებით შეძლონ კომპანიაში ინვესტიციების განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიისათვის საჭირო ინვესტიციების განხორციელება არ იყოს საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და იყოს დამოუკიდებელი საბიუჯეტო შეზღუდვებისგან, რაც თავის მხრივ გაზრდის ინვესტიციებს ქვეყნის ეკონომიკაში; ამავდროულად, მთავრობა მოახდენს კომპანიებზე უკვე გადასესხებული სესხების საბაზრო ინსტრუმენტებში კონვერტაციას. 2025 წლისთვის მოხდება 900 მლნ-მდე ლარის მოცულობის გადასესხებული სესხების საბაზრო ინსტრუმენტებად კონვერტაცია.
პროგრამული სესხებისათვის:
2022 წლიდან სესხის აღება მოხდება მხოლოდ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული რეფორმებისათვის.
მსგავსი პროგრამების ფარგლებში მნიშვნელოვანი ტექნიკური დახმარების გამოყოფა ხდება რეფორმების საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად განხორციელების მხარდასაჭერად. მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს და განხორციელდეს მაღალი ტრანსფორმაციული ხასიათის მქონე რეფორმები. პროგრამული სესხები დაეყრდნობა მხოლოდ მნიშვნელოვან სახელმწიფო რეფორმებს, რომელთა შედეგი წინასწარ იქნება შეფასებადი და მთავრობის მიერ დამტკიცებული. რეფორმის ტრანსფორმაციულობის ხარისხს შეაფასებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური საბჭო. 2022-2025 წლებისთვის პროგრამულ სესხებზე დაწესდება წლიური ლიმიტი 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობით.