ბიზნესი
23/11/2021

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს

"კავკასიის უნივერსიტეტის" ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ განცხადებას პოპულიზმის ნაწილად მიიჩნევს.

ბერიკაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ონლაინ კაზინოებისთვისვის რეგულაციების გადახედვის მომხრეა, თუმცა არა აკრძალვის.

"პირველ რიგში ამ რეგულაციებს პირდაპირი გავლენა ექნება ბიუჯეტზე, რომელიც დაკარგავს თანხებს, ამასთან, ეს არ ეხება მხოლოდ ბიუჯეტში გადასახადებით შესულ თანხას, არამედ უამრავი ადამიანის სამუშაო ადგილს, რადგან სათამაშო ბიზნესებს სხვა კომპანიებიც აქვთ გახსნილი.

არაპირდაპირ გავლენებზე რომ ვისაუბროთ, როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება, აკრძალვებს უარყოფითი გავლენა აქვს ხოლმე, ამ შემთხვევაშიც დიდი ალბათობით ასე იქნება და ონლაინ კაზინოების აკრძალვის შემდეგ, პროცესები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, რაც უფრო დიდი ზიანის მომტანია," – აცხადებს ბერიკაშვილი.

მისივე თქმით, ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე გაზრდა არასერიოზული და გაუგებარია, რადგან 24 წლის ადამიანს ვერაფერს დაუშლი.

"რა თქმა უნდა, არ ვამბობ რომ კარგია, როდესაც ბავშვები თამაშობენ, მაგრამ მსგავსი აკრძალვები გამოსავალი არაა, პირიქით, კონტროლს მიღმა აღმოჩნდება სექტორი და უარეს პრობლემებში აღმოჩნდებიან არასრულწლოვნებიც, ამაზე მოწმობს წარსულიც და სხვა ქვეყნების გამოცდილებაც," – აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, რეკლამის აკრძალვას და ბარიერის 25 წლამდე აწევას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტის მომზადება იგეგმება, რომელსაც მთავრობა საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.