"ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების დროა"
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას უარყოფითად აფასებს.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო დამძიმდება.
„ქართველმა ამომრჩეველმა გასული წლის 31 ოქტომბერს ხმა მისცა ცვლილებებს, განახლებას, ხმა მისცა იმას, რომ მათი მდგომარეობა გამოსწორებულიყო და უკეთესად ეცხოვრათ. მათ ხმა მისცეს ბიძინა ივანიშვილს და გახარიას. ქართველი ხალხის არჩევანი არ ყოფილა ისევ ძველი კადრის დაბრუნება. მეეჭვება „ქართული ოცნების“ მთავრობამ შეძლოს ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, სამწუხაროდ მოსალოდნელია, რომ ეს ეკონომიკური კრიზისი კიდევ უფრო დამძიმდება“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ „ბიზნესპარტნიორთან“.
როგორც მან აღნიშნა, არსებულ ვითარებაში, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების დროა.
„ირაკლი ღარიბაშვილი გამორჩეულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ხისტი დამოკიდებულებებით და განცხადებებით. ვფიქრობ, ახლა ოპოზიციისადმი სიხისტის დრო არ არის, ახლა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების დროა, და არა დაპირისპირების“,- აცხადებს გიორგი კეპულაძე.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ კი, მის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.