ეკონომიკა
18/12/2020

"ქართველი ხალხი სისხარტითა და ინტელექტით გამოირჩევა, მაგრამ არ გვაქვს კარგი სისტემა"

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებზე საუბრობს. ამბობს, რომ საჯარო მოხელე, რომელსაც კვალიფიკაცია არ აქვს, გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რაც პროცესების დროში გაჭიანურების მთავარი წინაპირობაა.

„ბიუროკრატიული ბარიერები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს  ჩვენი კანონმდებლობისა და გაწერილი პროცედურების შედეგი იმდენად არ არის. ჩვენ ბიუროკრატია და ბარიერები ჩვენი სახელმწიფო მოხელეების დაბალი კვალიფიკაციისა და დაბალი მოტივაციის შედეგია. სახელმწიფო მოხელე, რომელსაც არ აქვს კვალიფიკაცია, ერიდება გადაწყვეტილების მიღებას. ამიტომ, როდესაც ინვესტორისთვის გადაწყვეტილებაა მისაღები, უჭირს განსაზღვრა, როგორ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ამიტომ, ამას ამჯობინებს, რომ საერთოდ არ მიიღოს გადაწყვეტილება. ეს იმაში ვლინდება, რომ რაც ორ კვირაში გადასაწყვეტია, შესაძლოა თვეობით გაიჭიმოს“,- აღნიშნა ქობულიამ.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საჯარო მოხეელების მხრიდან ინიციატივის გამოთქმის პრობლემაზეც საუბრობს.

„მეორე, დღესდღეობით სახელმწიფო მოხელეს სწორი გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია არ აქვს. დღესდღეობით ისეთი სისტემა გვაქვს, რომ ინიციატვა დასჯადია. თუ ის მიიღებს გადაწყვეტილებას, რატომ მიიღე გადაწყვეტილება, ხომ არ გაქვს პირადი დაინტერესებაო, ეტყვიან. ეს სისტემაა აღმოსაფხვრელი. ამისთვის საკვანძო პოზიციებზე სწორი ლიდერები უნდა მოვიდნენ, რომლებიც მოხელეებს მაგალითს მისცემენ. სანამ ასეთი შემობრუნება არ იქნება, როგორი კანონიც არ უნდა დავწეროთ, ძალიან გაგვიჭირდება ბიუროკრატიის აღმოფხვრა.

ამას ვაწყდებოდი ყოველდღიურ რეჟიმში. გადაწყვეტილების მიღება კი არ უჭირდათ, უმეტესობა ამას ეწინააღმდეგებოდა. ჩვენი მოსახლეობა ძალიან ნიჭიერი და ინტელექტუალურად ძლიერია. ყველაფერი კარგად ესმის. თუ მოსახლეობას სწორ მაგალითსა და მიმართულებას მივცემთ, კარგ შედეგს მივაღწევთ. საქართველო და ქართველი ხალხი საკმაოდ სხარტი და კარგი ინტელექტით გამოირჩევა, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს კარგი სისტემა“,- აცხადებს ქობულია.