ირაკლი კობახიძე: ჩვენი პოზიცია უცვლელია, არ ვუერთდებით რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს
საქართველო რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას არ აპირებს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს პოზიცია უცვლელია.
მისი თქმით, სანქციების დაწესებით, საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს.
"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 000 მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები, სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები. ამ ყველაფრის მიუხედავად 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, მაშინდელმა ხელისუფლებამ 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წელს უკვე სრულად შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არც ერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს. ყველასთვის ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნაბიჯები მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების სოლიდარობა უკრაინის მიმართ განსაკუთრებულია.
"თუმცა, გაუგებარია როგორ შეიძლება მოგთხოვონ სანქციების დაწესება უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის გამო, როდესაც ეს საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ქვეყნის ოკუპაციის შემდეგაც კი არ გაუკეთებია. ეკონომიკური სანქციების დაწესებით საქართველოს ხელისუფლება ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთს. საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას კი, უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენებს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პოზიცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, უცვლელია. ვიმეორებთ, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. უკრაინის პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება უკომპრომისოდ და პრინციპულად დგას და იდგება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.