ეკონომიკა
01/06/2022
ინტერკონტინენტულ გადაზიდვაში ექსკლუზიური პოზიცია - ევროპაში ჩინეთიდან საქართველოს გავლით
ევროპაში ჩინეთიდან საქართველოს გავლით Maersk-იმ ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება დაიწყო, რომელიც აზიასა და ევროპას ცენტრალური აზიის გავლით აკავშირებს. მატარებელი ჩინეთის სხვადასხვა ლოკაციიდან ევროპას დაახლოებით 40 დღეში ყაზახეთის, აზერბაიჯანის საქართველოსა და რუმინეთის გავლით უკავშირდება.
Maersk-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი შავი ზღვის რეგიონში ირაკლი დანელია გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" აღნიშნავს, რომ შესაძლებლობა ნამდვილად უნიკალურია და უპრეცენდენტოა საქართველოს შემთხვევაში.
"ჩინეთის ნებისმიერი დიდი ქალაქიდან ტრანსპორტირება ხდება ინტერკონტინენტული სარკინიგზო ტრანსპორტით, ყაზახეთის, კასპიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეშვეობით, უკვე შავი ზღვის გამოყენებით ვუკავშირდებით დანარჩენ ევროპას. 1 თვის წინ პირველი ბლოკ მატარებელი გავუშვით ჩინეთიდან გერმანიის მიმართულებით, მეორეც მალე მიუახლოვდება ევროპულ საზღვრებს და ვგეგმავთ, რაც შეიძლება ინტენსიური გავხადოთ ეს მიმართულება. მარშრუტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად ინტერკონტინენტულ გადაზიდვაში საქართველოს ექსკლუზიური პოზიცია უკავია, იქედან გამომდინარე, რომ საქართველო სწორედ ის ქვეყნაა, სადაც რკინიგზა გემს ხვდება.
ჩვენი მიზანია ქართულმა მხარემ ამ საერთაშორისო, გლობალურ გადაზიდვაში მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. სარგებელში ვითვალისწინებ ყველა იმ ლოგისტიკურ დამატებით ღირებულებებს, რომელიც შეიძლება დაიგეგმოს გადაზიდვის პროცესში, ხოლო ეს ღირებულება დარჩეს ქვეყანაში და აისახოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე," – ამბობს ირაკლი დანელია.
როგორც დანელია განმარტავს, პროექტი რუსეთ-უკრაინის ომამდეც იყო დაგეგმილი, თუმცა რეგიონში არსებულმა ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა ვითარებამ თავისი შედეგი გამოიღო და დააჩქარა პროცესები.