ეკონომიკა
19/07/2021

IMF: ვაქცინაცია უნდა დაჩქარდეს, COVID-მა ეკონომიკის აღმავლობა შესაძლოა ისევ შეაფერხოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მთავრობას ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

IMF-ის მიერ “მეოთხე მუხლის კონსულტაციების” ფარგლებში ჩატრებული მიმოხილვის დასკვნით განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს ვაქცინაციის ტემპის დასაჩქარებლად დამატებითი მექანიზმების შემუშავება მართებს.

“ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა ვაქცინების მარაგების უზრუნველსაყოფად, მაგრამ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო ამ მიმართულებით. ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად უნდა აჩქარდეს, რომ წლის ბოლოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იყოს აცრილი. COVID-19-ის ახალმა შტამმა ან ვაქცინაციის შეფერხებამ შეიძლება კვლავ შეაფერხოს ეკონომიკის აღმავლობა, თუ ახალი შეზღუდვების შემოღება გახდა საჭირო და ასევე შეამციროს საგარეო მოთხოვნა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პანდემიის მართვის მნიშვნელობის აუცილებლობას”,- წერია განცხადებაში.