G&T-ი: ვფიქრობთ, კურსი წლის ბოლომდე 3.1-3.2 ლარის დონეზე იქნება
Galt&Taggart-ის ეკონომისტი „ბიზნესპარტნიორთან“ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებს ასახელებს. ლაშა ქავთარაძე წლის ბოლომდე ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროგნოზებზეც საუბრობს.
„ვხედავთ, რომ ფაქტორები გაუარესებულია. ეს უკავშირდება, როგორც მოლოდინებს, ასევე ფუნდამენტურ ფაქტორებს. მაგალითად, კორონა ვირუსის ინფიცირებულთა რაოდენობის მატება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანებს გარკვეული შიში უჩნდებათ. ამას ემატება მოლოდინები, რომელიც საარჩევნო პერიოდს უკავშირდება. აქვეა სეზონურობის ფაქტორიც. წინა წლებს თუ შევხედავთ, მეოთხე კვარტალში ლარი ყოველთვის უფასურდებოდა და დეკემბერში იწყებდა გამყარებას. ამას ემატება ფისკალური სტიმულიც. მიმდინარე წელს, ივნისიდან მოყოლებული გაზრდილია მთავრობის მიმდინარე ხარჯები. ეს ფაქტორები ერთად ახდენს ლარზე ზეწოლას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეროვნული ბანკი ახორციელებს ინტერვენციებს.
წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა 480 მილიონამდე გაიღო. კარგია, რომ ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ველოდებით, რომ 200 მილიონზე მეტი ინტერვენცია იქნება განხორციელებული. ასევე კარგია, რომ ეროვნულმა ბანკმა ინტერნევციების გაგრძელების მზაობა 2021 წლის პირველ ნახევარშიც გამოთქვა. აი, ამ ყველაფრის დაშვებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლარის კურსის დონე წლის ბოლომდე 3.1-3.2 ის ფარგლებში უნდა იყოს. თუ ამ ფარგლებს გადაცდა, სცენარები სხვა იქნება“,- აღნიშნა ქავთარაძემ.